ახალი ამბები

არასრულწლოვანი დედის საქმეზე უფლებამოსილება 1 სამართალდამცავს შეუწყდა – შსს

22 მაისი, 2019 • 1201
არასრულწლოვანი დედის საქმეზე უფლებამოსილება 1 სამართალდამცავს შეუწყდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანმა 2018 წელს ბავშვი გააჩინა, თუმცა უწყების თანამშრომელმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. საუბარია 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანზე, რომელიც დაორსულების დროს 16 წლის არ იყო. 16 წლამდე პირთან სექსუალური კავშირი კი საქართველოში დანაშაულია და ისჯება.

“2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს. გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც”, – აცხადებს შსს.

სკოლის დირექტორმა, სადაც შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ირიცხება, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გოგოს დაოჯახების შესახებ გაიგეს 2017 წელს, რაც დაუყოვნებლივ აცნობეს პოლიციას, თუმცა ამას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

უფრო ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი