ახალი ამბები

მარგველაშვილი: ვითარების დაძაბვის მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე “დემოკრატების” შეუთავსებლობა “ოცნებასთან”

14 ნოემბერი, 2014 • • 836
მარგველაშვილი: ვითარების დაძაბვის მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე “დემოკრატების” შეუთავსებლობა “ოცნებასთან”

“პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის, “თავისუფალ დემოკრატთა” შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი, უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მას შემდგ, რაც სამი მინისტრმა დატოვა მთავრობა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ევროპული კურისის კონსოლიდაცია.

 

“ახლაც, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა- როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში- და კრიზისულმა მოვლენებმა მმართველ კოალიციაში გამოიწვია სამი მინისტრის გათავისუფლება-გადადგომა და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა საქართველოს პარლამენტში, მე ბუნებრივად მოგმართეთ თქვენ – ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს:

იმ ფაქტმა, რომ სამივე, აწ უკვე ყოფილ, მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება”, ამბობს მარგველაშვილი.

 

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, მას შემდეგ დაითხოვა, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

 

ამ მოვლენების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მისი სიტყვა შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობას. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ასევე მოოითხოვა მთავრობის სხდომაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი