ახალი ამბები

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

21 მაისი, 2019 • 2230
ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხანა გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ქარხნის გახსნაზე განაცხადა, აღნიშნულ საწარმოში დამზადდება მზის პანელები, რომლებიც ევროკავშირის, აშშ-ის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს მოამარაგებს:

„ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია „ეი სოლარი“, რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ერთ კვირაში კი, ბახტაძის თქმით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება:

„ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენ ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ადმინისტრაციის გნცხადებით, მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი