ახალი ამბებიეკონომიკა

განვადება ბანკის გვერდის ავლით? – რა გეგმა აქვთ ტექნიკის მაღაზიებს

21 მაისი, 2019 • 8449
განვადება ბანკის გვერდის ავლით? – რა გეგმა აქვთ ტექნიკის მაღაზიებს

საბანკო რეგულაციების საპასუხოდ ტექნიკის მაღაზიათა ნაწილი შიდა განვადებების სისტემის ნერგავს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, პროდუქტი ბანკის გვერდის ავლით იყიდოს. რას გულისხმობს შიდა განვადება, არის თუ არა ეს ეს სესხი და რა პოზიცია ექნება ეროვნულ ბანკს, რომლის დეკლარირებული პოლიტიკაც ჭარბვალიანობასთან ბრძოლაა?

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ტექნო ბუმია, რომლის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ შემცირებული გაყიდვების გამო გადაწყვიტეს, მომხმარებელს შიდა განვადების სერვისი შესთავაზონ.

ზოგადად, განვადება ეს არის სამომხმარებლო ტიპის კრედიტი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისაგან განსხვავებით, განვადებას მომხმარებელი კონკრეტული მიზნით, ნივთის საყიდლად იღებს. მას შემდეგად, რაც მომხმარებელი ნივთს იყიდის, მას ურთიერთობა მხოლოდ ბანკთან აქვს.

ქოქოლაძის მიხედვით, ტექნო ბუმის შიდა განვადების სისტემა მომხმარებელს ბანკისგან განსხვავებით შემოსავლების დადასტურებას არ მოსთხოვს და მხოლოდ Creditinfo-ზე საკრედიტო ისტორიას შეუმოწმებს. Creditinfo ადამიანების საკრედიტო ისტორიების საინფორმაციო ბიუროა.

ქოქოლაძის თქმით, მომხმარებელს მაღაზიაში განაცხადის შევსება მოუწევს, სადაც ყოველთვიურ შემოსავალს მიუთითებს. განაცხადის შევსების შემდეგ კი რამდენიმე წუთში შეიტყობს, დაუმტკიცდა თუ არა განვადება. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ სერვისის შეთავაზება “იძულებითი ნაბიჯია”, რადგან ეს ყველაფერი კომპანიისთვის დამატებითი ხარჯია და ურჩევნია ეს საქმე ისევ კომერციულმა ბანკებმა აკეთონ.

“მხოლოდ ხარჯებზე არ არის საუბარი. ეს პროცესი რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ განვადება ბანკებმა გააკეთონ. ეს ჩვენი იძულებითი ნაბიჯია [შიდა განვადება] და არა ნებაყოფლობითი.”

კითხვაზე, როდიდან დაიწყება შიდა განვადებების გაცემა, ქოქოლძე პასუხობს, რომ ტექნიკური სამუშაოები ცოტა გაიწელა, თუმცა ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება.

“თუ მომხმარებელს განვადება დაუმტკიცდა, ტექნიკის ღირებულების 30%-ის გადახდა იმავე დღეს მოუწევს, ხოლო დანარჩენ თანხას ერთი წლის განმავლობაში დაფარავს. თანხის დაფარვა ბანკების გვერდის ავლით მოხდება. ჩვენ მომხარებელს ანგარიშს მივცემთ, სადაც ყოველთვიურად შეიტანს თანხას. განვადების გაცემისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას. ხელშეკრულებაში ერთ-ერთი ჩანაწერი Creditinfo-ს შეეხება, სადაც თქვენ კომპანიას უფლებას მისცემთ, თქვენი საკრედიტო ისტორია შეამოწმოს’, – აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

რაც შეეხება უზრუნველყოფის საკითხს, მისი თქმით, თუ მომხმარებელი განვადების თანხას არ გადაიხდის, მხოლოდ ნაყიდი ნივთის დაბრუნება მოუწევს. ანზორ ქოქოლაძე განმარტავს, რომ თითოეულ მომხმარებელთან ყოველთვიური შენატანი ერთნარი იქნება. ანუ თანხის დარჩენილი 70% თორმეტ თვეზე პროპორციულად განაწილდება. თვითდასაქმებულები და აგროსექრტორში მომუშავე ადამიანები არიან ის ძირითად მომხმარებლები, რომლებიც ქოქოლაძის თქმით, მათ მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სისტემით ისარგებლებენ.

“ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ ვიქნებით, რადგან ეს საბანკო პროდუქტი არ არის. ეს არ არის კრედიტის გაცემა. ჩვენ შევთავაზებთ შიდა განვადებას, რაც განსაზღვრული ვადით ნივთის გაყიდვას გულისხმობს. ჩვენმა გაყიდვებმა საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ [2019 წლის პირველი იანავრი], დაახლოებით 40%-იანი ვარდნა განიცადა. შესაძლოა, ყველა კომპანიას ერთნაირი მაჩვენებლით არა, მაგრამ სხვა კომპანიებსაც შეუმცირდათ გაყიდვები. არც ჩვენ და არც სხვა საცალო ქსელებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ  ამ განვადებებმა რაიმე გავლენა მოახდინოს ჭარბვალიანობაზე, თუმცა მაინც დავუკავშირდით ეროვნულ ბანკს და მათგან პასუხად მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე შიდა განვადებები რეგულაციებს არ ექვემდებარება და მოვლენებს დააკვირდებიან,”-ამბობს ქოქოლაძე.

როგორც ცნობილია, საბანკო სექტორს პრობლემური სესხის ამოღების საკუთარი სისტემა აქვს. ასევე არსებობენ სესხის ამომღები კომპანიები, რომელთანაც ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თანამშრომლობენ. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ მომხმარებელმა განვადებით გატანილი ნივთის ფული არ გადაიხადა და არც ნივთი დააბრუნა, რა ღონისძიებებს მიმართავს ტექნიკის მაღაზია, რომელიც შიდა განვადების სისტემას დანერგავს? ქოქოლაძის განმარტებით, უკიდურეს შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.

“პირველ რიგში, დავურეკავთ, ამის შემდეგ ვაწარმოებთ სამართლებრივ პროცედურას, თუმცა ეს იქნება უკიდურეს შემთხვევაში. მანამდე დავუკავშირდებით და ვეცდებით მომხმარებელს თანხის გადახდა შევახსენოთ.”

შიდა განვადებები სატესტო რეჟიმში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ელიტ ელექტრონიქსმა. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ საპილოტე რეჟიმში თბილისში მდებარე ორი ფილიალი მომხმარებლებს განვადებას უკვე სთავაზობს.

“ორ მაღაზიაში შეზღუდული რაოდენობის საქონელსა და პროდუქტებზე ვტესტავთ შიდა განვადების სისტემას. ვნახავთ, როგორი იქნება შედეგები. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდებით, რამდენად გვინდა ამ სისტემის მთელ ქსელზე გავრცელება,” – ამბობს სალომე დავითაშვილი.

ტექნიკის მაღაზია “სმაილი” შიდა განვადებების დაწყებას ამ ეტაპზე არ გეგმავს, თუმცა მომავალში მომხმარებლებისთვის ამ სერვისის შეთავაზებას არ გამორიცხავს.

“რეგულაციები ჩვენზე, ისევე როგორც ყველაზე, აისახა. განვადებების ოდენობა შემცირებულია,” – უთხრა ნეტგაზეთს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა სხირტლაძემ.

“სმაილისგან” განსხვავებით, “ზუმერი” შიდა განვადების სისტემის დანერგვას არ აპირებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის უფროსმა ეთო მერებიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესების გამკაცრებას მათი გაყიდვები არ შეუმცირებია, შესაბამისად, კომპანია შიდა განვადების საჭიროებას ვერ ხედავს.

“ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, რომ შიდა განვადებების სისტემის დანერგვას არ ვაპირებთ, რადგან საბანკო რეგულაციები ჩვენს გაყიდვებზე არ ასახულა”, – ამბობს ეთო მერებაშვილი.

ნეტგაზეთი ტექნიკის კიდევ ერთ მაღაზია ალტა ოქეის დაუკავშირდა, თუმცა კომპანიამ კომენტარზე უარი თქვა.

შიდა განვადებების სისტემა დარეგულირდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დებულებით, ამ კითხვით ნეტგაზეთმა ეროვნულ ბანკს მიმართა. ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული განვადებები მათი რეგულირების ქვეშ არ არის, თუმცა ამ პროცესს დააკვირდებიან.

“სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული განვადებები არ არის სებ-ის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა განვადებები, რომლის გაცემის დროსაც არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა, ასევე რისკიანია თავისი შინაარსით, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაცვას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არ უნდა აჭარბებდეს 50%-ს და სანქცია/საურავების კუთხით არსებულ ლიმიტებს. სებ-ი აქტიურად აკვირდება ამ ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად განახორციელებს შესაბამის ქმედებებს,”-უთხრეს ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში.

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ შიდა განვადება ჩვეულებრივი სესხია და თუ მას ოცზე მეტ ადამიანზე გასცემ, მაშინ სებ-ში სესხის გამცემ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდე.

“ნებისმიერი განვადება, ანუ როდესაც პროდუქციის ფასის ეტაპობრივად გადახდა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სესხი. აქედან გამომდინარე, ის, რომ ვიღაც ეროვნული ბანკის რეგულაციების გვერდს აუვლის, წარმოუდგენელია. რა მნიშვნელობა აქვს, მაღაზია მომცემს სესხს და ჩამაგდებს ჭარბვალიანობაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. შიდა განვადება, შესაძლოა, საბანკო პროდუქტი არ არის, თუმცა სასესხო პროდუქტი არის. რაც არ უნდა ვუწოდოთ განვადება, თხოვება, ეს მაინც სასესხო პროდუქტია. თუ ჩვენ ეტაპობრივად ვფარავთ, მაგალითად, ტელევიზორის ღირებულებას, გამოდის, რომ ეს სესხია, რომელიც რეგულაციებში აუცილებლად უნდა მოექცეს,” – აცხადებს გიორგი კეპულაძე.

შიდა განვადებებს საბანკო პროდუქტად მიიჩნევენ ტექნიკის მაღაზია “მეგატექნიკაშიც”.

“შიდა განვადების დანერგვას ჩვენს ქსელში არ ვგეგმავთ, რადგან ეს საბანკო პროდუქტი გახლავთ, ჩვენ კი საცალო გაყიდვების სფეროში ვმოღვაწეობთ,” – უთხრა “პირველ არხს” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ჩიტაიშვილმა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებით განისაზღვრა სესხის გამცემი სუბიექტი, რომელიც გულიხსმობს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტს, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება. შესაბამისად, ე.წ საბანკო რეგულაციები მათზეც გავრცელდა.

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებამ გამოიწვის ის, რომ თვითდასაქმებული ადამიანები და ისინი, ვისაც რამდენიმე სესხი აქვთ, ვეღარ ახერხებენ ახალი კრედიტის აღებას. ამან ყველაზე მეტად განვადებებსა და სამომხმარებლო ტიპის სესხებს დაარტყა. ადამიანები კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვეღარ იღებენ სესხს, ვეღარ ყიდულობენ ტექნიკას. რადგან ტექნიკის მაღაზიების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა და, როგორც უკვე ვთქვი, ამ რეგულაციებმა ყველაზე მეტად ტექნიკის მაღაზიებსა და იმ ბიზნესს დაარტყა, რომლებიც საბანკო პროდუქციის საშუალებით ყიდდნენ საკუთარ პროდუქტს, აქედან გამომდინარე, ტექნიკის მაღაზიების ნაწილმა შიდა განვადების სისტემა მოიფიქრა”, – ამბობს კეპულაძე.

2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ე.წ საბანკო რეგულაციები, რითაც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესი გამკაცრდა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა. ცენტრალურმა ბანკმა რეგულაციები მომხმარებელთა ინტერესების დაცვითა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზეზებით ახსნა. ცვლილებით ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული გახდა, მომხმარებელს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვოს.

ამასთან, დადგინდა, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე გაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი