ახალი ამბები

ავსტრიის ყველა ულტრამემარჯვენე მინისტრი გადადგა

20 მაისი, 2019 •
ავსტრიის ყველა ულტრამემარჯვენე მინისტრი გადადგა

ყველა მინისტრი, რომელიც ავსტრიის კოალიციურ მთავრობაში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიას” წარმოადგენდა, გადადგა.

BBC-ის ცნობით, მანამდე “თავისუფლების პარტია” იმუქრებოდა, რომ თუ ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ამავე პარტიის წევრ შინაგან საქმეთა მინისტრს გადააყენებდა, პოსტებს მისი თანაპარტიელი მთავრობის წევრებიც დატოვებდნენ. კურცმა ის გადააყენა, რასაც ლოგიკური გაგრძელებაც მოჰყვა.

გადამდგარ მინისტრებს შორის არიან საგარეო, თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრები.

ესაა კორუფციული სკანდალის გაგრძელება, რომელიც გერმანული პრესის მიერ ფარული ვიდეოკადრების გავრცელებითა და მისი მთავარი მოქმედი პირის – ვიცეკანცლერის, ჰაინც-კრისტიან შტრახეს გადადგომით დაიწყო. გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სთავაზობდა შტრახე სახელმწიფო კონტრაქტებს რუსი ოლიგარქის ნათესავად და რუს ინვესტორად წარმოდგენილ ქალს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა. ისინი ასევე საუბრობდნენ ავსტრიის მთავარი გაზეთის ხელში ჩაგდებაზე, პარტიის სასარგებლოდ.

შტრახე ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს წავიდა პოსტიდან. გადადგომაზე განცხადების გახმიანებისას შტრახემ თავისი საქციელი ალკოჰოლს დააბრალა და თქვა, რომ “სულელურად” და “უპასუხისმგებლოდ” მოიქცა.

კორუფციული სკანდალის შემდეგ ქვეყნის კანცლერმა და “ხალხის პარტიის” ლიდერმა სებასტიან კურცმა უკვე ყოფილი ვიცეკანცლერის  ქმედებები დაგმო, კოალიციური მთავრობის შენარჩუნება გამორიცხა და  ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. მას დაეთანხმა ქვეყნის პრეზიდენტიც და არჩევნები სექტემბრისათვის დააანონსა.

ავსტრიის 2017 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავრობას კანცლერ კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული “ხალხის პარტია” და გადამდგარი ვიცეკანცლერის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტია” აკომპლექტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი