ახალი ამბები

ასეთი განცხადება ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს – წიკლაური მელიაზე

20 მაისი, 2019 • 1988
ასეთი განცხადება ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს – წიკლაური მელიაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაზე იმსჯელებს. წიკლაური მიიჩნევს, რომ განცხადება, რომლითაც მელიამ სანდრა რულოვსი გააკრიტიკა არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს:

“ნიკა მელიას განცხადება როგორც შინაარსის, ისე ფორმის და შერჩეული დროის თვალსაზრისით იყო სრულიად არასწორი განცხადება და ის დადებითად ვერ მოემსახურება “ერთიანი ნაციონალური მოძარობის” ინტერესებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს აუცილებლად ამ საკითხზე.

ჩვენ, სავარაუდოდ, მივიღებთ მისგან პასუხებს, თუ რით იყო განპირობებული მისი ეს განცხადება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, იმ გზაზე, რომელსაც ყველა ერთად ვირჩევთ ახლა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ რა მინაწილეობას მივიღებთ, რა მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია, რა მონაწილეობას მიიღებენ პოლიტსაბჭოს სხვა წევრები.

მნიშვნელოვანი იყო, განცხადება გაკეთებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბებოდით და გვექნებოდა მინიმალური კომუნიკაცია მაინც. არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში ასეთი განცხადება თუ ვინმეს წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროა რომ ამის თქმა მიხდება”, – უთხრა წიკლაურმა “რუსთავი 2-ს”.

გუშინ, 19 მაისს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ შეიძლება „წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ნათქვამი, „გამოვალ ხვალ და რევოლუციას დავიწყებ“, სასოწარკვეთაში აგდებს ამომრჩეველს.

თავად მელია საკუთარ განცხადებაში კრიტიკულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ აქციების გამართვის წინააღმდეგი არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გუნდის შიგნით უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

“ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უდნა დაიწყოს, რომ ძალადობა არ უდნა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი”, – ამბობს მელია.

მელია: არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები, არ იწყება ეს „რევოლუცია“

მასალების გადაბეჭდვის წესი