თბილისში მდებარე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელს, თამაზ ელიზბარაშვილს, ჩხრეკენ.
უცნობია მას დააკავებენ თუ არა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ორი მუხლის საფუძველზე ჩხრეკენ – მუქარის (სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).
თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ დღეს, პირველ სექტემბერს, იმ დროს გააჩერა, როცა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა.
როგორც თამაზ ელიზბარაშვილის გვერდზე გასულ Live-ვიდეოში ისმის, მას მუქარის გამო უჩივიან და პოლიციამაც ამიტომ გააჩერა და გაჩხრიკა. ის ამ დრომდე პოლიციას ჰყავს გაჩერებული.
თავად თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა.
ელიზბარაშვილის თქმით, მას „იმედის“ თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.
„30 აგვისტოს რესტორანში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ქვემოთ ჩავედი ტუალეტში ხელის დასაბანად, 8 კაცი მოვიდა, კორიდორი გადაკეტეს და მითხრეს, რომ ფეხს არ მოიცვლი აქედან, სანამ ბოდიშს არ მოიხდიო. რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვინა ხართ, არ გიცნობთ-მეთქი. ჩვენ „იმედის“ თანამშრომლები ვართო და შენი პოზიცია არ მოგვწონს, უკრაინას მხარს რომ უჭერო და რუსებს აგინებ, არ გვევასებიო. ბოდიში უნდა მოგვიხადოო. მე ვუთხარი, თქვენ სულელები ხომ არ ხართ, გამატარეთ-მეთქი.
მთელი 10 წუთი გამაჩერეს, რომ დავაგვიანე ზემოთ ასვლა, ჩამოვიდა მეუღლე და დაიწყო წივილი. ამ დროს ვიხელთე და გამოვედი. ამათ ვუთხარი ნახევარ საათში ჩამოვალ და დამელოდეთ-მეთქი. ცოლთან ერთად ვერ გელაპარაკებით, ცოლს წავიყვან, სახლში დავტოვებ და ნახევარ საათში ჩამოვალ-მეთქი. მეუღლე დავტოვე, არც დამჭირდა ნახევარი საათი, 20 წუთში ჩავედი, მაგრამ ეს კურდღლები გაიქცნენ. არცერთი არ დამელოდა, გაიქცა და ისინი მიჩივიან ახლა მე?!“, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
