ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ არ შეიძლება „წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ნათქვამი, „გამოვალ ხვალ და რევოლუციას დავიწყებ“, სასოწარკვეთაში აგდებს ამომრჩეველს.
„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ თუ ეს [გამარჯვება] არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას. და არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“, — განაცხადა 19 მაისს რუსთავი2-ის „კვირის აქცენტების“ ეთერში მელიამ.
წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვის გულისხმობდა მელია, მან უპასუხა:
„მიმხვედრი მიხვდება, ბატონო ნიკა. თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ სხვა ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის. არ შეიძლება, ხალხნო. ვამბობდით? ვერავინ ვერ დამწამებს ცილს, რომ არ ვიბრძვი, თავი არ შემიშვერია და ა.შ. მაგრამ, მაპატიეთ, ახლა მტკიცებულებები უნდა დაგვედო. როგორც ზესტაფონში. მე ახლა ავდგები და ვიტყვი, რომ დავმარცხდი მაშინ ზესტაფონში, თუ მეორე ტური ვერ გავაკეთე, იმიტომ, რომ მტკიცებულებები უნდა ვაჩვენო. ხუთი ათასი ადამიანი ვართო, ჩვენ რომ ვიძახდით ზუგდიდში, ხუთი ათასი დამკვირვებელი ვართ და ვერავინ ვერ გაგვიყალბებს ხმებსო, რომ ვიძახდით და ახლა რომ ვიტყვით, გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ მე პირადად თქვენ, გამიგეთ? იმიტომ, რომ არასერიოზულია. ეს დათვური სამსახურია. ეს არ არის ის, რაც წაადგება საერთო ბრძოლას“, — განაცხადა მელიამ.
მოგვიანებით მან თქვა: „სანამ განცხადებებს გავაკეთებთ, ხალხო, არ დაგავიწყდეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იღებოდეს შიგნით, პოლიტიკური საბჭო იქნება თუ სხვა ორგანო. ცხელ გულზე ამის თქმა არ შეიძლება… ახლა უნდა შევიკრიბოთ და მოვიფიქროთ ზუსტი სამოქმედო გეგმა და ამის შემდეგ გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი [ერთობლივი, შეთანხმებული] სამოქმედო გეგმა“.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ენმ-ის კანდიდატმა ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მას პირველი ტური მოგებული აქვს და სხვა შედეგებთან შეგუებას არ აპირებს. მელიამ მოგვიანებით თქვა, რომ რულოვსსა და მის განცხადებას გულისხმობდა.