ახალი ამბები

“ოცნებას” პრობლემები აქვს, თუმცა ოპოზიცია მის დასამარცხებლად მზად არაა – ნოდია

20 მაისი, 2019 •
“ოცნებას” პრობლემები აქვს, თუმცა ოპოზიცია მის დასამარცხებლად მზად არაა – ნოდია

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, 2019 წლის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მიუხედავად ხელისუფლების პრობლემებისა, ოპოზიცია მის დასამარცხლებლად მზად არ არის.

ნოდიას თქმით, “ქართული ოცნების” ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ისაა, რომ ოპოზიციას მის დასამარცხებლად საკმარისი ძალა არ აქვს:

“ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ ოპოზიციას საკმარისი ძალა არ აქვს, რომ დაამარცხოს ხელისუფლება – ეს არის მთავარი. მეორე მხარეა, რომ როგორც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აითვისა აგრესიული ტექნოლოგიები ამომრჩევლების მასობრივი დაშინების და მოსყიდვის და რაკი ამან წარმატება მოუტანა მაშინ, ახლაც გამოიყენა და მომავალშიც გამოიყენებს” ,- ამბობს პოლიტოლოგი “ნეტგაზთთან” საუბრისას.

ნოდია მიიჩნევს, რომ ყველაზე საინტერესო ვითარება ზუგდიდში იყო, სადაც მერის პოსტის მოსაპოვებლად “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით სანდრა რულოვსი იბრძოდა. ნოდიას თქმით, რულოვსის გამარჯება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა და, შესაბამისად, ოპოზიციისთვის დამარცხებაც უფრო მტკივნეული აღმოჩნდა.

პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიცია ამ დამარცხებისთვის მზად არ იყო და ამან პარტიაში გარკვეული რყევები გამოიწვია. ამას მოწმობს ნიკა მელიას გუშინდელი განცხადებაც, სადაც “წინდაუხედავი განცხადებების გამო” რევოლუციის მოსურნე ლიდერები, მათ შორის სანდრა რულოვსი გააკრიტიკა. ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ არ შეიძლება „წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ნათქვამი, „გამოვალ ხვალ და რევოლუციას დავიწყებ“, სასოწარკვეთაში აგდებს ამომრჩეველს. საპროტესტო მოძრაობის კამპანიის იდეას მხარი წუხელ მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა.

“ეს არის პრაქტიკულად იგივე დაპირისპირება რაც 2016 წელს იყო და რამაც მოიტანა პრაქტიკულად პარტიის გახლეჩა. ანუ, მიხეილ სააკაშვილს აქვს საკმაოდ მყარი შეხედულება, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით ვერ წავა [და აქციებია საჭირო]. არ ვიცი, საბოლოო ჯამში, რა მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ამის მზაობა საქართველოში არ არის.

ეს იციან ადამიანებმა, ვინც საქართველოშია, მაგრამ სააკაშვილს, როგორც ჩანს, დაკარგული აქვს კონტაქტი საქართველოსთან, არ გრძნობს ვითარებას საქართველოში და მისი რიტორიკა მუდმივად უბრუნდება ასეთ რევოლუციურ სცენარზე საუბარს. როგორც ჩანს, ეს წინააღმდეგობა, ეს პრობლემა, რომელიც ადრე იყო ამ პარტიაში, ახლა უკვე გაერთიანებულ ოპოზიციაშია. შეიძლება ეს ახლა ნიკა მელიამ თქვა, ამჯერად, ნაკლებად მძაფრი სახით… ადრე გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია, როდესაც სააკაშვილმა მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ. ასე რომ, როგორც ჩანს, არსებობს უკმაყოფილება მიხეილ სააკაშვილის რადიკალიზმის მიმართ გაერთიანებულ ოპოზიციაში”, – ამბობს გია ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზი, თუ რა მოჰყვება ამ უთანხმოებას “გაერთიანებულ ოპოზიციაში”, თუმცა ამ მიმართულებით რყევების მოლოდინი აქვს:

“არ ვიცი, ეს სადამდე მიიყვანს, მაგრამ ცხადია, რომ დამარცხება არ უხდება ასეთ პოლიტიკურ პარტიას და ეს იწვევს შიდა რყევებს. ამ შემთხვევაში, რყევებში იგულისხმება არა პარტია, არამედ კოალიცია. მართალია, იქ ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტიები არიან, ვინც კოალიციაში შედიან, მაგრამ მათაც საკუთარი ამბიცია გააჩნიათ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც რყევები შეიძლება მოჰყვეს ამ არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით”, – ამბობს ნოდია.

რაც შეეხება შალვა შავგულიძის კანდიდატურას, ნოდია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველა ოპონენტს ერთი და იმავე გზავნილებით უპირისპირდება, რაც ყველა პოლიტიკოსის შემთხვევაში არ ამართლებს:

“პრაქტიკულად, ერთი მესიჯბოქსი აქვს ქართულ ოცნებას ყველა თავისი ოპონენტის წინააღმდეგ. ბესელიაც კი ნაციონალად და ნაციონალების საქმის გამკეთებლად გამოაცხადეს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მესიჯბოქსი იმუშავებს, ზოგიერთ შემთხვევაში – ვერა”, – ამბობს ნოდია.

“შალვა შავგულიძე რომ გააიგივო ცხრაწლიან რეჟიმთან, ეს აბსურდია და, ბუნებრივია, ვერ იმუშავებდა”.

მისი თქმით, რთულია ამ არჩევნებზე დაყრდნობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზირება, თუმცა ეს არჩევნები ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის ერთგვარი რეპეტიცია იყო:

“ასე განზოგადება შეუძლებელია, ეს მაინც უფრო ლოკალური ბრძოლები იყო, ძალების მოსინჯვის მიზნით.  ოპოზციური პარტიები ამას განიხილავდნენ როგორც ძალების მოსინჯვას, რეპეტიციას. რეპეტიციამ გვაჩვენა, რომ მაინცდამაინც კარგ ფორმაში არაა ოპოზიცია და სჭირდება მეტი მუშაობა, კოორდინაცია. ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ ან კოალიციები შეიქმნას, ამიტომ აქედან დასკვნებს ვერ გამოვიტანთ”, – ამბობს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი