ახალი ამბები

გასარკვევია, პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო — გახარია ზუგდიდში ინციდენტზე

19 მაისი, 2019 •
გასარკვევია, პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო — გახარია ზუგდიდში ინციდენტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტზე ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანის დაკავება „არ არის საშიში პრეცედენტი“ და „გასარკვევია, ვინ იყო ამ პროვოკაციის ინიციატორი“.

„არ არის ეს საშიში პრეცედენტი, რადგანაც როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ და გვაქვს ძალადობის ფაქტი, არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი“, – განაცხადა გახარიამ.

„ჩვენ ყველამ კადრებზე ვნახეთ, და კიდევ გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო ეს პროვოკაცია. იქ არის ერთი მხარე, რომელიც არის დაკავებული, და ბრალი აქვს წაყენებული ორ ადამიანს. აბსოლუტურად სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი“, — უთხრა 19 მაისს, საარჩევნო პროცესის დაწყების შემდეგ გახარიამ ჟურნალისტებს.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტზე 17 მაისს ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომელთაგან ერთ-ერთი TV ოდიშის წამყვანია. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ საქმეზე ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126) ბრალი სამ პირს აქვს წაყენებული.

გელა კვარაცხელია პოლიციამ ინციდენტის დღესვე დააკავა, მას ბრალი პროკურატურამ გუშინ წარუდგინა. დღეს კი ამ საქმეზე დამატებით ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომელთა შორის ადგილობრივი ტელევიზიის, “ოდიშის” გადაცემის წამყვანი, ლევან თორიაა. ინციდენტი ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემის ჩაწერისას მოხდა, რომელშიც მონაწილეობა სანდრა რულოვსს უნდა მიეღო.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები უპირისპირდებიან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი ენმ-ის წევრ ნიკა ვაჩეიშვილს. თავის მხრივ ზემოხსენებულ პირებს რულოვსის გარემოცვის წევრები „სუს-ის შნირებს“ ეძახიან. აგრესიულად განწყობილი პირები აცხადებენ, რომ დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.

ტელეკომპანია „ოდიშში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი