ახალი ამბები

ავსტრიის კანცლერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

18 მაისი, 2019 •
ავსტრიის კანცლერი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

კორუფციული სკანდალის გამო ავსტრიის ვიცე-კანცლერის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის კანცლერი სებასტიან კურცი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შესთავაზა ქვეყნის პრეზიდენტს, არჩევნები, რაც შეიძლება, მოკლე ვადაში დაინიშნოს.

“გუშინდელი ვიდეოს შემდეგ, გულწრფელად უნდა ვთქვა: საკმარისია”, – ციტირებს კურცს BBC.

კანცლერმა ღიად გააკრიტიკა გადამდგარი ვიცე-კანცლერისა და ყოფილი კოალიციური პარტნიორის რიტორიკა, რომელიც 17 მაისს გავრცელებულ ფარულ კადრებში იკვეთება.

კურცის განცხადებამდე, მისი ადმინისტრაციის შენობასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელიც სკანდირებდა: “ვადამდელი არჩევნები ახლავე!”

ამ დროისათვის, ავსტრიის მთავრობას კანცლერ კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული “ხალხის პარტია” და გადამდგარი ვიცე-კანცლერის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტია” აკომპლექტებენ.

ავსტრიის ვიცე-კანცლერი  ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან დღეს, 18 მაისს გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობდა ის რუს ინვესტორად წარმოდგენილ ქალს სახელმწიფო კონტრაქტებს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა. კადრების გამავრცელებელია ორი გერმანული გამოცემა – “შპიგელი” და “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” – რომელთა თანახმადაც, ვიდეო ავსტრიის არჩევნებამდეა ჩაწერილი.

გადადგომაზე განცხადების გაჟღერებისას, შტრახემ მისი საქციელი ალკოჰოლს დააბრალა და თქვა, რომ “სულელურად” და “უპასუხისმგებლოდ” მოიქცა.

სკანდალური ვიდეოს შემდეგ, ავსტრიის ვიცე-კანცლერი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი