ახალი ამბები

გაფიცული მუშების ნაწილის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია – რუსთავის მეტალურგიული

17 მაისი, 2019 •
გაფიცული მუშების ნაწილის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია – რუსთავის მეტალურგიული

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აცხადებს, რომ ორდღიანი გაფიცვისა და აქციის შემდეგ დააკმაყოფილა გაფიცული მუშების ნაწილის მოთხოვნები, მეორე ნაწილის მოთხოვნათა განსახილველად კი ვადა ორშაბათს, 20 მაისამდე ითხოვა.

“16 მაისს, დილით სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებმა სამუშაო დატოვეს და ქარხნის ხელმძღვანელობას მოთხოვნები წაუყენეს. კერძოდ, სამცვლიანი სამუშაო გრაფიკიდან ოთხცვლიან გრაფიკზე გადასვლა, ანაზღაურების შემცირების გარეშე. შედგა შეხვედრა საამქროს თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომლებს დაჰპირდა ერთ დღეში პასუხის გაცემას მათ მოთხოვნებზე.

იმავე დღეს, 16 მაისს, დღის მეორე ნახევარში, გაფიცვას შეურთდნენ ელექტროფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები. ასევე მოხდა მათთან შეხვედრა და მოთხოვნების განხილვა. ფოლადსადნობი საამქროს საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციამ ვადა ორშაბათამდე მოითხოვა. 17 მაისს დაპირებისამებრ მოხდა შეხვედრა კომპანიის მენეჯმენტსა და სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც ეცნობათ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება”, – აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

ასევე, „რუსთავის ფოლადი“ იმედოვნებს, რომ წარმოება ორშაბათს, 20 მაისიდან სრულად აღდგება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან იგეგმება სხვა საამქროების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი მოთხოვების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი