ახალი ამბებიკომენტარი

ხშირად მშობლისთვის ქამინგაუთი უფრო რთულია – ლია ჯაყელი ქვიარების მშობლებზე

17 მაისი, 2019 • 3853
ხშირად მშობლისთვის ქამინგაუთი უფრო რთულია – ლია ჯაყელი ქვიარების მშობლებზე

“ჩემი შვილია” – ასე ჰქვია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმს, რომელიც იმ მშობლებს ეხება, რომლებსაც შვილებმა საკუთარი გენდერული იდენტობა გაუმხილეს.

“ქამინგაუთი” – საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის აღიარებასა და საჯაროდ გაცხადებას ნიშნავს. ტერმინი ძირითადად ლგბტ თემის წევრების მიერ საკუთარი სექსუალობის გამხელას უკავშირდება, რაც, როგორც ლია ჯაყელი ამბობს, მათი მშობლებისთვისაც რთული პროცესია.

ლია ჯაყელი აქტივისტი და რეჟისორია, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ ერთად ადამიანის უფლებებზე, ძირითადად კი გენდერულ საკითხებზე მუშაობს. ჯაყელი ამბობს, რომ სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, “აქცენტი მოძრაობაზე” ფილმებს იღებს, რომელიც საჯაროდ არ ქვეყნდება, თუმცა ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებენ.

“ჩემი შვილია” სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფილმია. ზოგიერთი მშობელი შვილს მხარს უჭერს, ზოგი კი -პირიქით, თუმცა, როგორც ლია ჯაყელი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, ნებისმიერი მშობელი ამ დროს დიდი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იმყოფება.

რამდენად რთული იყო ფილმის გმირების მოძიება?

ძალიან ძნელია, ამ დროს მშობელი რამდენიმე სახის წნეხის მსხვერპლია იმიტომ, რომ ერთი მხრივ, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ამ სტერეოტიპებზეა გაზრდილი, რომლის მიხედვითაც მას “თავი მოეჭრა” სამეზობლოში, სამსახურში და ა.შ. მეორე მხრივ, თვითონაც აქვს ეს დამოკიდებულება და ჰგონია, რომ ეს არის ცოდვა, გადახრა, ავადმყოფობა და ა.შ. და არანაირად არ იღებს თანასწორად, როგორც ჰეტეროსექსუალ შვილს.

არიან მშობლები, რომლებსაც გული სტკივათ შვილების გამო და ცდილობენ გაუგონ  – ამ შემთხვევაშიც, ისინი წნეხის ქვეშ არიან – სამსახურში, სამეზობლოში, ან სანათესაოში და უკეთეს შემთხვევაში, სულ თავის მართლების რეჟიმში არიან.

ამიტომ ფილმის გმირად თემის წარმომადგენლის მოძიება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მშობლის. ძალიან რთულია, მათი დათანხმება. ჩვენი პოლიტიკა კი ის არ არის, რომ ვინმე დავითანხმოთ, [ფილმში მონაწილეობისთვის] მას თავად უნდა ჰქონდეს სურვილი ხმამაღლა ისაუბროს მისივე შვილის უფლებებზე.

რას ნიშნავს მშობლებისთვის შვილის “ქამინგაუთი”?

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დაუჭირონ ერთმანეთს მხარი და უპირველესად, თავიანთ შვილებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ძალადობის პრობლემა რომ ავიღოთ,   არა ლგბტ ადამიანების, არამედ, ვთქვათ, ქალების ან ბავშვების, ეს ყველაფერი ყველაზე ხშირად ოჯახში ხდება. შესაბამისად, ყველაზე მეტად სჭრდებათ მშობლებს ამ საკითხებში განათლება, რათა მათ იცოდნენ, რომ ეს არ არის ავადმყოფობა ან ცოდვა, არამედ ეს არის სრულფასოვანი ადამიანი.

ხშირად არგუმენტად მოჰყავთ რელიგია, თუმცა, რელიგიური კუთხითაც რომ მივუდგეთ, თუნდაც, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, თუ კარგად ვიცით ქრისტიანობა, მივხვდებით, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური მოძღვრებაა. ამ ტექსტებს სერიოზული წაკითხვა სჭირდება, რათა შემდგომ რომელიმე ნაკლებად განათლებული მღვდლების საუბარს  ბრმად არ დავუჯეროთ. 

“ქამინგაუთი” მხოლოდ ლგბტ ადამიანებს კი არ სჭირდებათ, მშობლებისთვისაც [მნიშვნელოვანია] ქამინგაუთი, როდესაც ისინი ლაპარაკობენ თავიანთი შვილის ორიენტაციაზე, ან მხარს უჭერენ მათ. ეს თავისთავად ქამინგაუთია და ხშირად უფრო ძნელია, ვიდრე გეი ადამიანისთვის, რომ თქვას, “მე გეი ვარ” . ჩვენს საზოგადოებაში უფრო ძნელია ითქვას, რომ “მე გეი ადამიანის დედა ვარ და ჩემს გეი შვილს მხარს ვუჭერ”. ასეთ ადამიანებს საზოგადოებრივი წნეხი ბევრი მხრიდან აქვთ.  მათ ზედმეტი გამოჩენა არ უნდათ და უმეტეს შემთხვევაში გვიწევს მათი იდენტობის დაფარვა, ხმის შეცვლა ან სახის დამალვა.

ჩემს ფილმში ნაჩვენებია რამდენიმე პოზიცია – მშობელი, რომელიც არ იღებს შვილს და არის მშობელი, რომელიც მხარში უდგას და განიცდის იმის გამო, თუ როგორ მოექცევა მის შვილს საზოგადოება. ფილმში ნაჩვენებია შუალედური პოზიციაც, სადაც გეი ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობს თავის მშობელზე და მას ესმის მისი, როდესაც საჯარო მხარდაჭერას ვერ იღებს.

რა სახის მენტალური გარდატეხა უნდა მოხდეს საზოგადოებაში ლგბტ თემის უფლებების გასაუმჯობესებლად და რა არის ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?

რასაკვირველია, მენტალური გარდატეხა ასე რევოლუციურად არ ხდება… ეს ტექნიკური პროცესი ხდება სწრაფად, თორემ მენტალობის შეცვლა ასეთი მარტივი არ არის. აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ დანერგილიყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაგრამ ამასთანავე, მისი აღსრულების მექანიზმები დასახვეწია. პარალელურად აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მუშაობა და უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება.

ადამიანი, რომელიც ჰომოფობია, ხშირად დამინახავს… ზოგჯერ შევდივარ მის მდგომარეობაში, რადგან ხშირად მას გულწრფელად ეშინია, ჰგონია, რომ საფრთხე ემუქრება მას და მის შვილებს. არავის უსწავლებია მისთვის, რომ ეს არ არის გადამდები, მემკვიდრეობითი, ეს არ არის ავადმყოფობა და გადახრა. ყოველთვის არსებობდნენ გეი ადამიანები და ახლა რომ ამბობენ, მომრავლდაო, ცხადია, ეს ასე არაა. უბრალოდ, ახლა გამოჩნდნენ ეს ადამიანები და უმრავლესობას, ვინც ამოფარებულია ტრადიციულ ღირებულებებს, დისკომფორტი შეექმნა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ თემებზე. წარმოდგენაც კი ძნელია, რად გვიჯდება ამ თემებზე მუშაობა და ჩვენი საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რაზეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე უნდა ჰქოდნეს აღებული. მხოლოდ კანონები ვერ უშველის სიტუაციას, თუ აღსრულების მექანიზმები არ არის შესაბამისი. და ეს ბევრი რამის გაკეთებას გულისხმობს, მაგალითად, თუნდაც საკითხის ირგვლივ პოლიციის აკადემიაში ტრენინგს, როგორც ეს ქალზე ძალადობის შემთხვევაში მოხდა.

ყველა სფეროსა თუ პროფესიის წარმომადგენელი ამ საკითხებს უნდა აცნობიერებდეს. ვთქვათ, სოციალური მუშაკი, როდესაც შედის პრობლემურ ოჯახში, უნდა შეამჩნიოს ის, რასაც სხვა ვერ ამჩნევს. რის გამო ხდება ძალადობა? ასევე პოლიციელმა უნდა იცოდეს, მასწავლებლებმა, მედიცინის მუშაკებმა…  ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაზე მეტად უჭირთ ტრანსგენდერ ადამიანებს?! მათ ყველგან სჭირდებათ პირადობის მოწმობა იდენტიფიციკაციისთვის, თუმცა მის მოწმობაში იდენტობად მითითებულია კაცი, სინამდვილეში კი ის ქალია..

რაც შეეხება განათლებას, სკოლებში აუცილებელია დასაწყისშივე ბავშვებს შევასწავლოთ ის, რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და ეს ქმნის მრავალფეროვნებას.  არავინ არის ვინმეზე მეტი, ან ნაკლები.  არავის აქვს მეტი ან ნაკლები უფლება. 

რაც უფრო მრავალფეროვანია საზოგადოება, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება და არავის საფრთხეს არ უქმნის ეს. როდესაც ლაპარაკობენ ხოლმე, რომ შვილებს გვირყვნიან, ეს, რასაკვირველია, არის მითი.

მაგრამ რაც არ უნდათ, რომ დაინახონ, იმას ვერ ხედავენ. ანდაზაა ასეთი, თუ მოინდომებ, რიყეზე ისე გაივლი, ქვას ვერ დაინახავო. ხშრად მესმის ხოლმე, “ვინ უშლის ხელს, მათ არავინ არაფერს უშლის” და ეს ხდება 2013 წლის შემდეგ, როდესაც ყველამ ფართოდ იხილა ტელევიზიით, თუ რა მოხდა. მაგრამ ამის შეცნობა არ უნდათ, ამიტომ ამ თემებზე სამუშაოდ ძალიან კარგია ფილმი იმიტომ, რომ დისკუსიებს ბუნებრივად იწვევს. და ძალიან კარგად ვიყენებთ მას უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებით კი, ლგბტქი თემაზე იმიტომ, რომ ეს ყველაზე რთულად გასარღვევი თემაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი