“მედიის განვითარების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები აფინანსებენ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს იმისათვის, რომ მათი აქტივობები გააშუქონ.
კვლევა მოიცავს 2013-14 წლებში მთავრობის ადმინისტრაციისა და 19 სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელების, რეკლამის და სხვა მომსახურების შესყიდვის მიზნით მედიასაშულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზს.
კვლევის მიხედვით, 2013-14 წლებში მთავრობის ადმინისტრაციამ და სამინისტროებმა საინფორმაციო მომსახურებისთვის 254 774,2 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება ამ პერიოდში მიიღო 8 საინფორმაციო სააგენტომ.
საინფორმაციო სააგენტოებს შორის ყველაზე დიდი საბიუჯეტო დაფინანსება – 101 539,8 ლარი მიღებული აქვს “ინტერპრესნიუსს” (ipn.ge), მას მოსდევს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” (ghn.ge), რომელსაც 48 690 ლარი აქვს მიღებული, სააგენტო “პირველს” (pia.ge) 43 033,8 ლარი აქვს მიღებული; For.ge-ის – 41 330 ლარი; News.ge-ის – 6 580 ლარი, EPN.ge-ის – 6 200 ლარი, Medianewss.ge-ის – 4 300 ლარი, Caucasusspress.ge-ის – 3100 ლარი.
სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული შპს “ახალ ამბებთან” – სააგენტო ინტერპრესნიუსთან; შემდეგ ადგილზეა შპს “პირველი” – საინფორმაციო სააგენტო PIA (5 სამინისტრო).
“სახელმწიფოს მიერ 8 საინფორმაციო სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ინფორმაციით მათი წინმსწრებად უზრუნველყოფა არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა საინფორმაციო სააგენტოებს, მით უფრო, რომ საქმე საჯარო ინფორმაციას შეეხება, რომელიც ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სამინისტროების უმეტესეობაში (18-დან 13 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა საინფორმაციო სააგენტოებისთვის ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რაც მკვლევარების შეფასებით, ხელყოფს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას.
“დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედიასაშუალებები უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებენ. ასეთი კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ. რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები”, – აღნიშნულია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ სააგენტოებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სოციალურ ქსელებში კონტრაქტორი სააგენტოების მიერ სტატუსების, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების რეკლამირება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შესაბამისი მითითების გარეშე ჭირს გარჩევა, თუ ვის მიერ დაფინანსებული რეკლამის სახით გადის ამა თუ იმ სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე მასალები, “მედიის განვითარების ფონდი” რამდენიმე მაგალითს ასახელებს:
“4 ნოემბერს სააგენტო PIA-ს ასეთი რეკლამის სახით ფეისბუკზე განთავსებული ჰქონდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ხოლო 5 ნოემბერს ფეისბუქზე რეკლამის სახით განთავსებული იყო Daijesti.pia.ge2-ს ინფორმაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ და ამონარიდი სტატიიდან “ალასანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ფულით მეგობარ ქალთან ერთად პარიზში დროს ატარებს”.
“მიღება-ჩაბარების აქტებში მხოლოდ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების თანხაა მითითებული და არ არის დაკონკრეტებული ის მასალა, რომელშიც სამინისტრომ თანხა გადაიხადა, რაც ართულებს იმის გადამოწმებას, თუ რამდენად მიზნობრივად იყო გამოყენებული სახელშეკრულებო თანხები”, – აცხადებენ მკვლევარები.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიას სააგენტო IPN-ისგან შესყიდული აქვს VIP მომსახურება, რომლის წლიური ღირებულება 4995 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სხვა მედიასთან კომუნიკაციას, ასევე დამკვეთის მოთხოვნისამებრ, ჟურნალისტური მასალების და გამოკითხვების მომზადებას.
“ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე სოციოლოგიური კვლევების განყოფილებაში უშუალოდ სააგენტოს მიერ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად ჩატარებული 1 გამოკითხვაა ხელმისაწვდომი (რესპონდენტთა უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა). აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითებული კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტები, როგორიცაა ინფორმაციის დამკვეთი და დამფინანსებელი, რაც მედიაში სოციოლოგიური კვლევების გაშუქების არსებითი სტანდარტია და კვლევის ჩატარების მიზნების შესახებ საზოგადოების სრულფასოვან ინფორმირებას ისახავს მიზნად. დამკვეთის ვინაობა არც ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე განთავსებულ გაზეთ “კვირის პალიტრის” მიერ ჩატარებულ სხვა კვლევებშია იდენტიფიცირებული (მაგალითად, “გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, დღეს ყველაზე წარმატებული მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია”, “გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ირაკლი ღარიბაშვილს მიიჩნევს” და ა.შ.) ამდენად, ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის შედეგების მიხედვით რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ გამოკითხვაში აქვს მთავრობის კანცელარიას გადახდილი საბიუჯეტო თანხა,” – ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 18-დან მხოლოდ 5 სამინისტრო (იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტუქტურის და ფინანსთა სამინისტრო) არ სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებით და მათი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობისას მხოლოდ რეკლამის ფორმას მიმართავს. MDF-ის ცნობით, ინფორმაცია არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მედიის განვითარების ფონდი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, გადახედოს საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების არსებულ პრაქტიკას, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ კონკურენციას და საჯარო ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მედიასაშუალებისთვის; ასევე, შეიმუშავოს იმ ორგანიზაციათა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც საინფორმაციო კამპანიის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენება არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ ამა თუ იმ მედიასაშუალების დოტაციისთვის გამოიყენება.
ორგანიზაცია, ასევე, რეკომენდაციებით მიმართავს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ დაიცვან პროფესიული სტანდარტი და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და სარეკლამო მასალა, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და გამჭვირვალე გახდეს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები.








