ახალი ამბები

ხორავას საქმის მონაწილე დ.ღ. ცრუ ჩვენებაში დამნაშავედ ცნეს

16 მაისი, 2019 •
ხორავას საქმის მონაწილე დ.ღ. ცრუ ჩვენებაში დამნაშავედ ცნეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი დ.ღ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ:

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.”

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

“შესაბამისად, მოწმე დ.ღ-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი