შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ინსპექტირების პროცესში გამოიკვეთა, რომ სამშენებლო სექტორის აბსოლუტურ უმრავლესობაში შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ ჰყავთ დანიშნული. ფერაძის თქმით, კომპანიებს ამას კანონი ავადებულებს:
“როდესაც ხდება ინსპექტირების პროცესი, სამშენებლო კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვხვდებით პროცესს, როდესაც სამშენებლო სექტორს არ ჰყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებს”, – თქვა ფერაძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებენ. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით დღეს, 15 მაისს, გაიმართა, სამშენებლო სექტორში მომუშავე ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდაა.
გარდა ამისა, ფერაძემ შრომის ინსპექციის დეპარტამენტში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დეპარტამენტში ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდაა დაგეგმილი:
“დაგეგმილი გვაქვს, რომ ინსპექტორთა რაოდენობა გაიზრდება სექტემბრამდე. დღეს გვყავს 40 ინსპექტორი, ხოლო სექტემბრისთვის იქნება 100 საშტატო ერთეული გამოყოფილი”, – ამბობს ფერაძე.