ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გუშინ ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის, კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა და გაკეთდა განცხადებები საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან კანონდარღვევის შესახებ, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.
“ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით ეს პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს გამჭვირვალედ. სიების საბოლოო ვერსიის გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (ანუ, ამ შემთხვევაში 17 მაისამდე). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც”, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ამის მიუხედავად, ცესკო აცხადებს, რომ რამდენადაც საკითხი სპეკულაციის საგანი გახდა და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან – საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.
“დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის”, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ დაძაბულობა მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. ოპოზიციამ საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაძაბულია სიტუაციაა, ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს