ახალი ამბები

ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაძაბულია სიტუაციაა, ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

15 მაისი, 2019 • 1289
ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაძაბულია სიტუაციაა, ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

დაძაბული სიტუაციაა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, სადაც 19 მაისს მერის არჩევნები უნდა გაიმართოს. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში და მის გარეთ მობილიზებული არიან სანდრა რულოვსის შტაბის წევრები, ასევე- პოლიციელები.

რა ხდება ზუგდიდში?

ლაივპრესის ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაძაბულობა მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას.

“ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

მირანდა მესხმა [საოლქო კომისიის თავმჯდომარე] სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემასთან დაკავშირებით თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა – ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება”, – იუწყება ლაივპრესი.

ოპოზიცია ოლქის თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ “სიები უკან მიატანინეს ოლქში”. ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ჩანიშვნას ითხოვდა, დეკანოიძის განცხადებით, მირანდა მესხმა მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არც განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია საოლქო კომისიაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

რა არის სამაგიდო სია და რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნების დროს

სამაგიდო სია არის ამომრჩევლის სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია, რომელზეც მისი პერსონალური ინფორმაციაა დატანილი, მათ შორის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. კომისიებს ეს სია, წესით, 17 მაისს უნდა გადაეცეთ. სამაგიდო სია კედლის სიისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ამომრჩევლის ფოტოსურათიცაა მოცემული.

სავარაუდოდ, სწორედ სამაგიდო სიები ეჭირათ ხელში წინა არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს და უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ, რასაც არასამთავრობო სექტორი ამომრჩევლის ნების ირიბ კონტროლად აფასებს.

სამაგიდო სიების საკითხი მოხვდა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მოქმედი რეგულაციების გადახედვის ინიციატივით გამოდის.

ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბნებთან, არჩევნებში მონაწილეთა პირადი ინფორმაციის დამუშავება უშუალოდ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო სუბიექტების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და საარჩევნო სუბიექტების შემწირველთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, აპარატმა 2018 წლის განმავლობაში იმუშავა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში მიმოიხილავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები. გამოითქვა ეჭვი, რომ საქმე ეხებოდა ე.წ. სამაგიდო სიებს, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული.

ინსპექტორის აპარატმა საკითხის შესწავლის ფარგლებში საარჩევნო  ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, რომ 2018 წელს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიანი ვერსია, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში 11 სუბიექტს, მათ შორის, 6 პოლიტიკურ გაერთიანებას და 5 დამკვირვებელ ორგანიზაციას გადაეცა.

“კანონის თანახმად, რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, კანონით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამასთან, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია დასახელებულ პირებს გადაეცემათ მხოლოდ ელექტრონული სახით. მონაცემების შემდგომი დამუშავება, მაგალითად, დაჯგუფება, საარჩევნო უბნის თუ სხვა კონკრეტული ნიშნით თავისუფლად არის შესაძლებელი. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და უსაფრთხოების წესების დაცვასაც, თუმცა “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დასახელებული პირების მხრიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის მოპოვების შესაძლებლობასთან ერთად არ ადგენს სიის გამოყენების წესებსა და აკრძალვებს. აუცილებელია, აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს ნორმატიულ დონეზე, მათ შორის, განისაზღვროს არჩევნებამდე პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს მონაცემების დამუშავების კანონიერი მიზნები და ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიმღებთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების ვალდებულებები”, – ნათქვამია ანგარიშში.

ინსპექტორის აპარატის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გამჟღავნება ხდება ცესკოს ვებგვერდზე, რომელზეც პირადი ნომრისა და გვარის მითითების და ე.წ. “მე არ ვარ რობოტი” უსაფრთხოების ველის მონიშვნის შემდეგ დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი და მისამართი.

“ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის – საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად. თუმცა საგულისხმოა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მითითებული უსაფრთხოების მექანიზმი, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისგან სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ანგარიშში.

სწორედ ამიტომ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი მიიჩნევს, რომ “მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კიდევ ერთხელ შეფასდეს მოქმედი რეგულაციები და გამოწვევები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გატარდეს შესაბამისი სამართლებრივი და პრაქტიკული ღონისძიებები საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ზომების მისაღებად, არაპროპორციული მოცულობით და არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრევენციისთვის”.

ფოტო გარეკანზე © ლაივპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი