ახალი ამბები

სამინისტროდან მკითხეს, ფილმში ცეკვავდნენ თუ არა ჩოხიანი გეი ბიჭები – პროდიუსერი

14 მაისი, 2019 •
სამინისტროდან მკითხეს, ფილმში ცეკვავდნენ თუ არა ჩოხიანი გეი ბიჭები – პროდიუსერი

“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი ქეთი დანელია ამბობს, რომ კულტურის სამინისტროსგან ვერ მიიღეს კანში ჯგუფის გასამგზავერებელი თანხა, 2500 ლარი, რომელზეც ზეპირი შეთანხმება არსებობდა.

პროდუსერის განცხადებით, უარის თქმამდე ფილმის ტრეილერი გავრცელდა, რასაც სამინისტროდან ზარი მოჰყვა, სადაც ფილმის თემატიკით დაინტერესდნენ:

“სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა, მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე”, – ამბობს დანელია.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ასე ჰქვია შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილ დრამას, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე, “რეჟისორის ორკვირეულის” სექციაში, მაისში გაიმართება.

“მერაბი პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის საცეკვაო პარტნიორ მარისთან ერთად. მისი სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი იწყებს იმავე ანსამბლში სიარულს და მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი და სურვილი ხდება. მერაბი გრძნობს, რომ კონსერვატიულ გარემოში უნდა გათავისუფლდეს და გარისკოს” – ასეთია ფილმის ოფიციალური სინოფსისი.

დაფინანსების საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს განათლების სპორტისა და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამგზავრო გრანტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ გასცემს, ვინაიდან „ხელოვანთა მობილობის“ პროგრამა ხორციელდება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ საკონკურსო შერჩევის გზით.

ამასთან, სამინისტროს თქმით, კინოფესტივალზე ხელოვანისთვის სამგზავრო გრანტს გასცემს სსიპ “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი”, რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად  შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრის დაფინანსება:

“საპროდიუსერო კომპანიამ „თეიქს ფილმმა“ სთხოვა სამინისტროს, კიდევ დამატებით  გამოეყო 2500 ლარი. ვინაიდან საკითხი ეხებოდა „ა“ კლასის,  პრესტიჟულ ფესტივალში ფილმის მონაწილეობის საკითხს. სამინისტრომ  თხოვნით მიმართა კინოცენტრს, წარმოედგინა დაზუსტებული ინფორმაცია ფილმის ფესტივალში მონაწილეობის და მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ.

კინოცენტრმა სამინისტროს მომართა 7 მაისს თხოვნით, განეხილა დამატებითი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა. ფესტივალზე შემოქმედებითი ჯგუფის გასამგზავრებლად დარჩენილი იყო 5 სამუშაო დღე, რაც არასაკმარისია  პროექტის დაფინანსების განსახილველად და დადგენილი პროცედურების განსახორციელებლად”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” სამინისტროში.

“რადიო თავისუფლების” მიერ მომზადებული სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი