ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა მომხდართან დაკავშირებით სხვა პირების დაკავებსაც. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს კანონით დადგენილი წესების დაცვისაკენ.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. რულოვსი ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა. ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც მიმდინარეობდა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა, რომელშიც რულოვსი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები უპირისპირდებიან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი ენმ-ის წევრ ნიკა ვაჩეიშვილს.
ტელეკომპანია “ოდიშში” აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.