ახალი ამბები

შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი – რულოვსმა სააკაშვილი მოინახულა

26 სექტემბერი, 2023 • 5526
შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი – რულოვსმა სააკაშვილი მოინახულა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ესპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდრა რულოვსი თავად ავრცელებს.

მისი თქმით, ყოფილ მეუღლესთან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი ჰქონდა.

„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, – დაწერა Facebook-ზე სანდრა რულოვსმა.


სანდრა რულოვსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი ცოლი და საქართველოს პირველი ლედი იყო. მათ ორი შვილი ჰყავთ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი ბრალდება წაუყენა და დაუსწრებლად პატიმრობაც მიუსაჯა, საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, არალეგალურად ჩამოვიდა და მალევე დააპატიმრეს.

მისი დაპატიმრებისთანავე უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გაავრცელა დაპატიმრებამდე, უკრაინაში ჩაწერილი ერთობლივი ვიდეომიმართვა, სადაც ის და მიხეილ სააკაშვილი ოჯახის შექმნასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

2021 წლის 31 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან შვილი ჰყავს.

2023 წლის ივნისში კი ლიზა იასკომ საჯაროდ დაწერა, რომ შვილი გააჩინა. მართალია, მას ბავშვის მამის სახელი არ უხსენებია, თუმცა მინიშნება გააკეთა ქართულ ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე. თავად მიხეილ სააკაშვილმა ლიზა იასკოსთან საერთო შვილის ყოლა 2023 წლის ივლისში დაადასტურა.

„უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ ბოლო დროს უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი