ახალი ამბები

მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, ხარაჩოების მოწყობის წესი იყო დარღვეული – ინსპექცია

14 მაისი, 2019 • 1069
მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, ხარაჩოების მოწყობის წესი იყო დარღვეული – ინსპექცია

კოსტავას 75-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, ხარაჩოების მოწყობის წესი იყო დარღვეული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპარტამენტის წარომადგენელმა, მაია მიქაიამ განუცხადა. მისი თქმით, დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტი 477, რომელიც ითვალისწინებს ხარაჩოების მოწყობის წესს. მიქაიას თქმით, სავარაუდოდ, მუშა მე-14- მე-15 სართულიდან გადმოვარდა:

“სამწუხაროდ, ჯერ არ მოგვეცა საშუალება გავესაუბროთ მუშებს. ვაგრძელებთ მოკვლევას. მოკვლევა გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვას კომპანიიდან, გულისხმობს კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრებას, ასევე, დასაქმებულებთან გასაუბრებას და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი კომპლექსირად განხორციელდება, დავდებთ ერთიან დასკვნას”, – ამბობს დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შემთხვევა დღეს, 14 მაისს მოხდა. მუშა, რომელიც შენობიდან გადმოვარდა, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

შესწორება: აღნიშნული მშენებლობა კომპანია “ინ-სი თაუერის” საკუთრებაა, რომლის 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან თამარ ცერცვაძე და ირაკლი აბულაძე, დირექტორი კი ირაკლი ტოგონიძეა. ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ მშენებლობა ეკუთვნოდა კომპანია “ინ-სის”. ნეტგაზეთმა აღნიშნული ინფორმაცია დაწერა “ინ-სი თაუერის” ვებსაიტზე დაყრდნობით, სადაც 15 მაისის 15 საათის მონაცემებით აღნიშნულია, რომ “ინ-სი ასრულებს გრანდიოზულ დეველოპერულ პროექტს “ინ სი თაუერი” თბილისში, კოსტავას ქუჩაზე”.

კომპანია “ინ-სიმ” 15 მაისს ნეტგაზეთს მოაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ინ-სის” მშენებლობასთან, საიდანაც 14 მაისს გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა, კავშირი არ აქვს.

“ინსი თაუერი და კომპანიაინსისხვადასხვა იურიდიული პირები არიან. კომპანიამინსიაღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე გარკვეული სამუშაოების წარმოება 2017 წლის თებერვალში დაასრულა და მას შემდეგ მასთან არც ფაქტობრივი და არც იურიდიული შეხება არ ჰქონია.

კომპანიაინსიმწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მუშის სიკვდილზე გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი