ახალი კანონპროექტით, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, შესაძლოა, 5-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა აიკრძალოს. რაც შეეხება სხვა ფართს, აქ ერთ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიებზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის ყოლა აიკრძალება.
“შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” კანონპროექტში ვკითხულობთ:
“ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალულია 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა”.
კანონპროექტში ასევე წერია, რომ შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრა.