ახალი ამბები

კანონი შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე – რა უნდა იცოდნენ მეპატრონეებმა

14 მაისი, 2019 •
კანონი შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე – რა უნდა იცოდნენ მეპატრონეებმა

“კანონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ” – ასე ჰქვია ახალ კანონპროექტს, რომელმაც, მისი ავტორების განცხადებით, შინაური ცხოველები სასტიკი მოპყრობისგან უნდა დაიცვას და მათთვის შესაბამისი გარემო უზრუნველყოს. პლენარულ სხდომაზე კანონპროქტის განხილვა, სავარაუდოდ, 17 მაისს უნდა დაიწყოს.

კანონპროექტის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი მიზნად ისახავს ქვეყანაში შინაური ბინადარი ცხოველის ხარისხიანი გარემოს დამკვიდრებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და დაცვას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა სერვისებთან ერთად, უნდა შეიქმნას სპეციალური ბაზაც, სადაც პატრონები შინაურ ცხოველებს დაარეგისტრირებენ.

ამავე კანონპროექტის მიხედვით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, შესაძლოა, 5-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა აიკრძალოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ და სხვა ვალდებულებებს ცხოველების მიმართ არ შეასრულებს, მოეპყრობა სასტიკად ან უგულვებელყოფს მათ მოთხოვნილებებს, მისი ადმინისტრაციული ან სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

რას გულისხმობს კანონპროექტი ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის

შინაურ ცხოველთა კეთილდღეობა და მოვლა-პატრონობა

კანონპროექტი ამბობს, რომ ყველა შინაურ ბინადარს აქვს უფლება იარსებოს მისთვის ბუნებრივ გარემოში. მათი მიტოვება და მოკვლა (გარდა კანონპროექტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დაუშვებელია.

რაც შეეხება ცხოველთა კეთილდღეობას, რაც ცხოველის კონკრეტული სახეობისთვის შესაბამისი საჭიროების დაკმაყოფილებას გულისხმობს, კანონპროექტის მიხედვით, ეს შემდეგ გონივრულ საჭიროებებს მოიცავს:

ა) სათანადო კვებასა და წყლით მომარაგებას;
ბ) შინაური ბინადარი ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა – მოწყობას, გათბობას და საჭიროების შემთხვევაში განათებას;
გ) შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას;
დ) დროულ და სათანადო ვეტერინარულ მომსახურეობას;
ე) შინაური ბინადარი ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ – ჰიგიენური პირობების შექმნას;
ვ) შინაური ბინადარი ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალურ გარემოში ინტეგრაციას;

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა თავიდან აიცილოს. ასევე დაუშვებელია  შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.

ამასთანავე, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა – პატრონობა.

“დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა ან/და მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება, ან/და ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა”.

კანონპროექტის ავტორების მიხედვით, ასევე დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება. შინაური ბინადარი ცხოველის ლეში კი უნდა დაიმარხოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, მოხდეს მისი კრემაცია, ან მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

ცხოველთა გასეირნება, ტრანსპორტირება და ჯანმრთელობა

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნება (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა, როგორიცაა, მაგალითად, ფრანგული ბულდოგი), საზოგადოებრივ ადგილებში დაიშვება მხოლოდ ალიკაპით, საბმელით ან/და მოკლე საბმელით. იმ შემთხვევაში კი, თუ ცხოველმა გასეირნების დროს სივრცე დააბინძურა, მისი მეპატრონე ვალდებულია ტერიტორია დაასუფთაოს.

ასევე, სეირნობისას დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა ისეთ ადგილებში, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი. მსგავსი ნიშნის არსებობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის მისაბმელი ძელის დაცულ ფართზე განთავსება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, შინაურ ბინადარ ცხოველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუკი უსაფრთხოების ყველა ზომა (მოკლე საბმელი და ალიკაპი ერთად ან სპეციალური გადამყვანი (კონტეინერი)) დაცულია. შინაურ ბინადარ ცხოველთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ცხოველისათვის უსაფრთხო და მიზანშეწონილი საშუალებით.

კანონპროექტში გაწერილია ის მოთოხვნები, რომლებიც ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია. კერძოდ:

1. მეპატრონე ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული), საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.

2. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს და უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ვეტერინარული პასპორტი. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე.

3. შინაური ბინადარი ცხოველის დაავადების შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებას.

კანონპროექტის მიხედვით,  შინაურ ბინადარ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება ან სხვა სახის ვეტერინარული პროცედურები ჩაუტარდებათ მხოლოდ ვეტერინარის მიერ და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ გაუტკივარებით. კანონპროექტი კრძალავს არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების მიზნის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას, კერძოდ:

ა) კუდის კუპირება (მოჭრა);
ბ) ყურების კუპირება;
გ) სმენის დაქვეითება;
დ) კბილებისა და ეშვების ამოღება;
ე) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

კანონპროექტი ასევე კრძალავს შინაურ ბინადარ ცხოვლთა მიმართ სასტიკ მოპყრობასა და წამებას, ასევე, ამგვარი ქმედების ხელშეწყობას და ცხოველისადმი ძალადოსბისკენ მოწოდებას.

შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება შინაური ბინადარი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;

ასევე, წამებად მიჩნეულია ცხოველთა გაგდება, მიტოვება, სამიზნედ გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა, ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიულ ოპერაციები. გარდა ამისა:

ვ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის კუპირება, ხმის იოგების, კლანჭების და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, შინაური ბინადარი ცხოველის სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილების ან/და ძვლების, სტრუქტურის შეცვლა; გამონაკლისს წარმოადგენს შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;

ზ) შინაური ბინადარი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა;

თ) შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;

ი) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც შინაურ ბინადარ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც შინაური ბინადარი ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;

კ) ზოოფილური აქტები შინაურ ბინადარ ცხოველებთან;

ლ) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა;

მ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ტანჯვას.

ცხოველთა იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ყველა შინაური ბინადარი ცხოველი სავალდებულო პირველად რეგისტრაციასა და იდენტიფიციკაციას ექვემდებარებიან. ასევე, სავალდებულოა მათი ყოველწლიური საკონტროლო და დროებითი რეგისტრაცია.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ რეგისტრაცია უფასოა, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს შინაურ ბინადარ ცხოველთა აღრიცხვასა და იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

ამასთანავე, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, შინაური ბინადარი ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია სპეციალური სხვადასხვა უსაფრთხო საშუალებებით (მათ შორის მიკროჩიპი, სვირინგით, საერთშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდით, საყელურით და სხვ.).

შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია ერთიან რეესტრში ხდება. ამგვარი ბაზის შექმნა, კანონპროექტის ავოტერების თქმით, რამდენიმე მიზანს ემსახურება, მათ შორის: შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობის დადგენას; შინაური ბინადარი ცხოველებისგან გადამდები, განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადებების გავრცელების პრევენცია და დაკარგული/ნაპოვნი ცხოველების მოძებნა და იდენტიფიცირება;

კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 1 თვის ასაკიდან. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის შეცვლის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს 1 თვის ვადაში.

შინაური ბინადარი ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ.

რაც შეეხება სიკვდილს, ცხოველის გარდაცვალების შემთხვევაში მეპატრონემ/მიმკედლებელმა/მზრუნველმა/დროებითმა შემფარებელმა ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში ევთანაზიის განმახორციელებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ ერთი კვირის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ინფორმაციის შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიან რეესტრში შეტანის მიზნით.

ვრცლად კანონპროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

რა სანქციებს ითვალისწინებს კანონპროექტი

ავტორები ამბობენ, რომ “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“კანონპროექტიდან გამომდინარე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს [ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა] ემატება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა, კერძოდ:

    • შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
    •  შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე;
    • ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე, ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტოგამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
    •  პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
    •  ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევაზე და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნაზე და ჯარიმა შრომის ანაზღაურების მეხუთედი მინიმალური ოდენობიდან (ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში – შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობიდან) იზრდება 50 ლარამდე, ასევე ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლების გასეირნებისთვის და იზრდება ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი [ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში] დააწესებს პასუხისმგებლობებს შემდეგი სამართალდარღვევებისთვის:

  • შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა (გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით);
  • შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა (გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით);
  • შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა (გამოიწვევს პირის
    დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით);
  • შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება (გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით);
  • სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით);
  • კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით);
  • უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით);
  • ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს (გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
  • გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით); გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება (გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი