დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, 15 მაისს, პარლამენტში მივა. მისი თქმითვე, ქობულია პარლამენტის კინოდარბაზში 8-თვიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა გავუგზავნეთ წერილი გიორგი ქობულიას და მას პარლამენტში მოსვლა შევთავაზეთ. ეს იქნება ღია ფორმატის შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება მის საქმიანობასა და ხედვებზე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე იქნება კითხვა-პასუხი, რადგან საზოგადოებაში ბევრი კითხვა არის დაგროვილი. ეს შეხევდრა პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება. მინდა ვთხოვო პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, ინეტერესიდან გამომდინარე და, სავარაუდოდ, დასწრებაც იქნება მაღალი, უზრუნველყოს ეს შეხვედრა ისე, როგორც საქართველოს პარლამენტს შეეფერება”,-განაცხადა კობერიძემ.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა “Forbes კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს პარლამენტს თავისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს.
“თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ, წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული, რა შედეგებს მივაღწიეთ, რა იყო პროცესში. მზად ვიქნებოდი, წარმედგინა ეს ანგარიში პარლამენტის ეკონომიკური [პოლიტიკის] კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა მან.
6 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ მოითხოვა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განეხილათ გიორგი ქობულიას მუშაობა მინისტრობის პერიოდში და თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები.
10 მაისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ოპოზიციის დეპუტატთა რიცხოვნობა უმრავლესობას აღემატებოდა, თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში მოწვევის საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და სხდომა გადადო.
კომიტეტის ფარგლებში გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხზე კენჭისყრა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სხდომაზე კვორუმი იყო და კომიტეტს საკითხის გადაწყვეტის სრული უფლებამოსილება ჰქონდა.