თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და რეაქცია მექნება – ბახტაძე მახათაზე გამოსვლაზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 13 მაისს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მახათას მთაზე თავის გუშინდელ გამოსვლას და აღნიშნა, რომ მისი სიტყვის ტექნიკური ხარვეზით გადაცემაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

“მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქცია მექნება, როდესაც მოკვლევა დასრულდება. მოკვლევა მიმდინარეობს და მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება”, – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს, ბრიუსელში გამგზავრებამდე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

მამუკა ბახტაძე 12 მაისს სიტყვით გამოვიდა მახათას მთაზე ახალი ტაძრის კურთხევაზე. პრემიერის გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ხარვეზით — შენელებულად — გადაიცა. სოციალურ ქსელებში დისკუსიის საგანი გახდა, ეს აპარატურის ტექნიკური გაუმართაობით იყო განპირობებული, თუ პრემიერის შესაძლო არაფხიზელი მდგომარეობით. მთავრობის ცნობით, ხარვეზი ტექნიკური იყო.

ამავე თემაზე:

წილხვდომილობაზე ბახტაძის სიტყვა ხარვეზით გადასცეს, მან საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.