ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მომჩივანი მეწილის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, არხის მფლობელები აპირებენ, გააკოტრონ ტელეკომპანია და შემდეგ იმავე შემადგენლობით ახალი ტელევიზია გახსნან. მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძისთვის „კომპანიის თანამშრომლების მუშაობაც და სარედაქციო პოლიტიკაც არის მისთვის მისაღები, რეიტინგული და ა.შ“. მისი პრეტენზია ისაა, რომ, მათი ეჭვით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს, ახალი კომპანია გახსნან იმავე შემადგენლობით, არსებული კომპანიის გაკოტრების ხარჯზე.
6 მაისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძისგან. გვარამიას ცნობით, ნიჟარაძე ითხოვს „კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით, „2015 წელს გამქრალი“ 10 მილიონი ლარი დაბრუნებას და კიდევ 1,600,000 ლარს“.
რა პრეტენზია აქვს ნიჟარაძეს?
12 მაისს ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი2-ისთვის განკუთვნილი შემოსავლების გარკვეული ნაწილი მიდის საშუამავლო რგოლთან — კომპანია „ინტერმედიასთან“.
ადვოკატის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ანგარიშში ჩანს, რომ 2017 წლამდე „ინტერმედიას“ რჩებოდა საშუამავლო საქმიანობაში — რეკლამის ექსკლუზიურად გაყიდვაში — 7%, 2017 წლის შემდეგ კი ეს რიცხვი 30%-მდე გაიზარდა.
ადვოკატის თანახმად, მომჩივან მხარეს აინტერესებს, „რატომ მოხდა 7-დან 30%-მდე კომპანიის საშუალო შემოსავლების ზრდა მაშინ, როდესაც პირდაპირ წერია GNCC-ის ანგარიშში აღნიშნული, რომ ეს თანხები პირდაპირ მოაკლდა ტელეკომპანია რუსთავი2-ს“.
„შეიძლება, რუსთავი2-ის გაკოტრება და ახალი კომპანიის დაფუძნება სურდეთ“
ადვოკატის თანახმად, შესაძლოა, რუსთავი2-ის ხელმძღვანელობას არხის გაკოტრება და ახალი კომპანიის დაფუძნება სურდეთ. ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ:
„ინტერმედიას“ დამფუძნებლები, მიშა მშვილდაძე და ზურაბ გუმბარიძე, ამავე დროს არიან კომპანია „ფორმულა პროესკო პროდაქშენის“ დამფუძნებლები. „ფორმულა პროესკო პროდაქშენი“ კი, თავის მხრივ, სატელევიზიო არხ „მესამის“ დამფუძნებელია; არხის თანადამფუძნებელი კი არის დიმიტრი საძაგლიშვილი – რუსთავი2-ის თანამშრომელი და იურისტი, რომელიც არხის ინტერესებს გამოხატავს“.
ყავლაშვილმა 12 მაისს პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს უჩვენა რამდენიმეწამიანი მონაკვეთი რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ერთ-ერთი გამოსვლიდან, სადაც ის ამბობს: „დაიხურება რუსთავი2 და გაიხსება ახალი, ამის პირობასაც გაძლევთ“. მან ვიდეოს მხოლოდ ეს მოკლე, რამდენიმეწამიანი მონაკვეთი უჩვენა.
ყავლაშვილის თანახმად, მათი ეჭვით, „ტელეკომპანია რუსთავი2-დან წასული თანხებით ფინანსდება ინტერმედია და მათ მიერ დაფუძნებული „ფორმულა პროესკო პროდაქშენი“ და ტელეკომპანია „მესამე“.
„ახალი კომპანიის გახსნა [თანამშრომლების] იმავე შემადგენლობით კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ შესაძლებლობასა და განხილვის საგანს წარმოადგენს“, — ამბობს ყავლაშვილი.
„რა თქმა უნდა, შეიძლება, [ახალი] კომპანია გაიხსნას და მონაწილეობდნენ თანამშრომლები, თუმცა ის არ უნდა ატარებდეს არსებული კომპანიის გაკოტრების ნიშნებსა და ხასიათს და მიზანმიმართულობას“, — დასძენს იგი. მისი თქმით, სწორედ ესაა ნინო ნიჟარაძის პრეტენზია, თორემ იგი „ვერც ეკრვევა და არც ერკვევა რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაში, არც 2015 წელს და არც დღეს იქ ჩარევის და თავისი მოსაზრებების სურვილი არ აქვს და არც ოდესმე რაიმე შინაარსის წერილი კორესპონდენციით, სარჩელით ან პრეტენზიით არ მიუმართავს ამ საკითხებთან დაკავშირებით“.
„[ნინო ნიჟარაძისთვის] კომპანიის თანამშრომლების მუშაობაც და სარედაქციო პოლიტიკაც არის მისთვის მისაღები, რეიტინგული და ა.შ“, — განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ახალი სასამართლო დავის მიზანია „რუსთავი2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და მისი დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. მისი ინფორმაციით, ეს მოთხოვნა თავდაპირველად სარჩელში ფიგურირებდა, მაგრამ “ბოლო წუთას იქნა ამოღებული”.
ნახეთ ასევე:
მორიგი დავა საფრთხეს უქმნის რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას – NGO-ები
“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია