ახალი ამბები

კალაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვაზე: დაველოდოთ გამოძებას

4 ნოემბერი, 2014 • 1388
კალაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვაზე: დაველოდოთ გამოძებას

“ნებისმიერი ადამიანის დაკავება ცუდია, მტკივნეულია, მაგრამ მე არ მინდა რაღაც პილიტიკური განცხადებები წინასწარ გამომივიდეს, ამიტომ ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას.

თუ რაიმე ხარვეზი არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს, ეს არ არის კარგი, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას და, შესაბამისად, მერე უფრო ადვილი იქნება რაიმე კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა,”– განაცხადა კალაძემ.

 

ალექსი ბატიაშვილი პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის მიერ კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 3 ოქტომბერს დაკითხეს.

 

დაკითხვის შემდეგ კი ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ პროცესი დარღვევებით წარიმართა, დაკითხვის ოქმში არ იყო ასახული მინისტრის მოადგილის რეალური პასუხები და ამიტომ ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა.

 

გამოძიების დალოდების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძეც:

 

“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ყოველ შემთხვევაში, ეს გამოძიება იქნება გაჭვირვალე, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ თითოეული იმ ადამიანის უფლება, ვინც დაკავებულია, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს და კორუფციული ტენდერები უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში,”– განაცხადა ჩაფიძემ “რუსთავი 2″–ის ეთერში.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი