უმრავლესობის დეპუტატების არყოფნის გამო კაკულიამ ქობულიას მოსმენაზე კენჭისყრა გადადო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ოპოზიციის დეპუტატთა რიცხოვნობა უმრავლესობას აღემატებოდა, თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში მოწვევის საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და სხდომა გადადო.

კომიტეტის ფარგლებში გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხზე კენჭისყრა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სხდომაზე კვორუმი იყო და კომიტეტს საკითხის გადაწყვეტის სრული უფლებამოსილება ჰქონდა.

“უმრავლესობას ვერ ვხედავ, არ არიან წარმოდგენილები და ამიტომ არ ვაყენებ [კენჭისყრაზე]. მათი პოზიცია ვიცი და იმ პოზიციას აქ ვერ ვხედავ. ამიტომ, როცა უმრავლესობა იქნება წარმოდგენილი, სიამოვნებით დავაყენებ. მე მაინტერესებს კომიტეტის უმრავლესობის აზრი”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

“ანუ, კომიტეტის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, როცა უმრავლესობა იქნება უმრავლესობაში და კენჭისყრას მოიგებს ისე, როგორც უნდა?!”,- აღნიშნა საპასუხოდ დავით ბაქრაძემ.

საბოლოოდ რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ კომიტეტის ფარგლებში ქობულიას მოსმენის საფუძველს ვერ ხედავდა.

კომიტეტის უარის ფონზე, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან კობერიძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა- გიორგი ქობულიას ღია ფორმატში შეხვედრა შესთავაზეს, რომელსაც საკითხით დაინტერესებული დეპუტატები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ქობულიასთან შეხვედრაში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა “ევროპულმა საქართველომაც”.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა “Forbes კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს პარლამენტს თავისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს.

“თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ, წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული, რა შედეგებს მივაღწიეთ, რა იყო პროცესში. მზად ვიქნებოდი, წარმედგინა ეს ანგარიში პარლამენტის ეკონომიკური [პოლიტიკის] კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა მან.

6 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ მოითოვა, კომიტეტის სხდომაზე განიხილონ გიორგი ქობულიას მუშაობა მინისტრობის პერიოდში და თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კი “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პირადად მხარს უჭერს ქობულიას პარლამენტში მისვლას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კომიტეტის წევრებმა უნდა მიიღონ.

ამავე თემაზე:

რომან კაკულია პარლამენტში ქობულიას მოსმენის საჭიროებას ვეღარ ხედავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.