ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის პოლიტიკის ტყვეები – ვის სურს ვითარების დაძაბვა გალსა და ახალგორში?

4 ნოემბერი, 2014 • • 1077
რუსეთის პოლიტიკის ტყვეები – ვის სურს ვითარების დაძაბვა გალსა და ახალგორში?

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ექვსიდან ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურება, აფხაზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სექტემბერში განაცხადა. აფხაზ ლიდერს მისი ამ გადაწყვეტულების ასახსნელად რაიმე განსაკუთრებული მიზეზის დასახელება არ დასჭირვებია – მის აუდიტორიაში ნაკლებად მოიძებნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გალელების ინტერესებს დაიცავდნენ. ამის გამო მოკლე ფორმულირება – “ჩვენ უნდა გავამაგროთ საზღვარი” – სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. არადა, თუკი რაიმე აძლიერებდა სასაზღვრო რეჟიმს, ეს სწორედ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაზრდა იყო.

 

ვინ აშენებდა საგუშაგოებს?

 

ოპოზიციაში ყოფნის დროს რაულ ხაჯიმბას მომხრეები ხშირად აკრიტიკებდნენ სარგეი ბაღაფშსა და ალექსანდრ ანქვაბს იმის გამო, რომ ენგურზე საზღვარი მოუწესრიგებლად იყო გახსნილი. გამშვები პუნქტების გაჩენამ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში სიტუაცია საზღვარზე აშკარად დაასტაბილურა – ხალხი აღარ არღვევდა რეჟიმს, რადგან მდინარის ერთიდან მეორე მხარეს ცივილიზებულად გადასვლა-გადმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. როცა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ხსნიდნენ, როგორც მახსოვს, ოპოზიცია ამას არ აპროტესტებდა.  

 

ენგურზე გამშვები პუნქტების საკითხი არც ბოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წამყვანი თემა, იმის მიუხედავად, რომ მათი გახსნა რამდენჯერმე შეფასდა ოპონენტების მიერ ალექსანდ ანქვაბის “პროქართველობის” ირიბ მინიშნებად: აი, საითკენ აშენებს პრეზიდენტი ხიდებს, მაშინ, როცა რუსეთთან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტია… ამასთან, ამ პუნქტების გატარების შესაძლებლობზე, რა თქმა უნდა, არაფერს ამბობდნენ ისე, როგორც იმაზე, რომ არც ანქვაბი იყო მათი გახსნის ინიციატორი.

 

ანქვაბს კიდეც რომ ჰქონოდა ენგურის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების დადგმის მწველი სურვილი, მოსკოვის ნებართვისა და დაფინანსების გარეშე ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. ბოლოს და ბოლოს, რუს მესაზღვრეებს რომ ბრძანებებს აფხაზი ლიდერი არ აძლევდა, ეს ნამდვილად ასეა. უფრო მეტიც, არ არის საიდუმლო, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლში მიიღეს, ხოლო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნის ცერემონიაზე ლენტებს ჭრიდნენ, ისღა რჩებოდათ, გამოეცნოთ და ევარაუდათ, უცებ რატომ დაიწყეს რუსმა პარტნიორებმა გალის მცხოვრებლებზე ზრუნვა?

 

ცხადია, რაულ ხაჯიმბასაც, მისი წინამორბედის მსგავსად, არ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს სასაზღვრო საგუშაგოების და რუსი მესაზღვრეების საკითხი. ამასთან დაკავშირებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ კრემლში.

გალიდან დევნილი ოჯახი კვეთს ხიდს ენგურის ხიდზე, რომელიც ყოფს აფხაზეთსა და საქართველოს. © EPA 28.05. 1998
გალიდან დევნილი ოჯახი კვეთს ხიდს ენგურის ხიდზე, რომელიც ყოფს აფხაზეთსა და საქართველოს. © EPA 28.05. 1998

პარალელები ახალგორთან

 

აფხაზეთის მსგავსად, სამხრეთ ოსეთის მთავრობამაც დაიწყო გამაფრთხილებელი სიგნალების მიცემა ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს წევრის, ბორის ჩოჩიევის იდეა – ქართულმა მოსახლეობამ აირჩიოს ან დევნილის სტატუსი და სახლი წეროვანში, ან ცხოვრება სამხრეთ ოსეთში იქაური მოქალაქის რანგში – მედიასივრცეში ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა ენგურზე გამშვები პუნქტების საკითხზე. ეს სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა, თუმცა ამის შემდეგ ამ იდეის რეალიზაციისთვის არაფერი გაკეთებულა.

 

ამ რაიონების მოსახლეობა კი მუდმივ შიშში ცხოვრობს. ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას სურს საერთოდ დახუროს გამშვები პუნქტები 2015 წლიდან. ჭორებს ის პრობლემებიც აძლიერებს, რაც ახალგორელებს საზღვრის კვეთის დროს ექმნებათ: ადამიანები, რომლებიც საზღვარზე შესვლის ნებართვას ითხოვენ, მას კვირების მანძილზე ვერ იღებენ.

 

რუსეთი თამაშობს

 

ძალიან არადამაჯერებელია აპოლოგეტების მცდელობა, ახსნან აფხაზი და ოსი მთავრობების ინიციატივები, რომ აუცილებელია სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება. კეთდება ბუნდოვანი განცხადებები უსაფრთხოების შესახებ, საუბრობენ იმაზეც, რომ “აი, რახან საქართველო არ გვაღიარებს, ჩვენ რატომ უნდა”… სხვა არგუმენტები არ არსებობს. ამ არგუმენტებს აცამტვერებს მარტივი შეკითხვა – რატომ უნდა დაიძაბოს გალის რაიონში ვითარება, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი ასე თუ ისე დამშვიდდა?

 

სინამდვილეში, სრულიად აშკარაა, რომ აფხაზებს და ოსებს ამ ორ, ისედაც პრობლემურ რაიონში ვითარების დაძაბვა არაფერში ჭირდებათ. ცხადია, რომ ამ ბოლო ინიციატივების ლოგიკის გასაღები ამ ორი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაა, სწორედ ამიტომაა მათი ახსნა რთული ადგილობრივი მიზეზებით. ყველაფრიდან ჩანს, რომ მოსკოვი ააქტიურებს თავის პოლიტიკას არა მხოლოდ მის მიერ აღირებული ორი რესპუბლიკის მიმართ, არამედ თბილისის მიმართაც. გალსა და ახალგორში სიტუაციის გამწვავება, ადგილობრივ ქართველებზე ზეწოლა სერიოზული იარაღია, რომლითაც შეიძლება საქართველოზე ზემოქმედება.

 

ამას გარდა, გალის რაიონში დესტაბილიზაცია რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოახდინოს აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების სასარგებლოდ. რაც უფრო ცუდია ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მით უფრო ადვილია ითამაშო და შეაშფოთო აფხაზური საზოგადოება უსაფრთხოების თემატიკით.

მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ ახლა მხოლოდ საწყისი კონტურები ჩანს რუსეთის შესაძლო სამომავლო პოლიტიკის შესახებ სამხრეთის მიმართულებით. თუმცა უკვე ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთმა ძალიან მალე შესაძლოა დაასრულოს “კეთილის” როლის თამაში.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი