თუ რუსული კომპანია იყიდის ავტოგასამართ სადგურს, ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის – ფხაკაძე

ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ თუ გამსხვილებას გადაწყვეტენ, ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიასთან, მათ შორის რუსულ კომპანიებთანაც გამართავენ მოლაპარაკებებს. ფხაკაძის თქმითვე, ისინი ბიზნესმენები არიან და ვინც კარგ პირობებს შესთავაზებს, მათ სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“ვადასტურებთ, რომ “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია ნამდვილად არის ბაზრის ლიდერი, თუმცა კომპანიის გაყიდვას არ ვადასტურებთ. გეტყვით ჩვენს პოზიციას, “ვისოლ ჯგუფის” ინტერესია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ბიზნესის გამსხვილება მოხდეს. ეს არ გამორიცხავს ჩვენს გაერთიანებას ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ კომპანიებთან. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს არის ბიზნესის განვითარების ჩვეულებრივი პარაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. გინდათ, ობიექტურად გითხართ რაღაც?! ის, რომ რუსული კომპანია საქართველოში იყიდის თეორიულად რომელიმე ავტოგასამართ სადგურების ქსელის 20-50 სადგურს, ამით ქვეყნის ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის”,-აცხადებს ფხაკაძე.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტი” “ვისოლის” შეძენით არის დაინტერესებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.