საზოგადოებასამართალი

სტივენ სპილბერგი, დანაშაულის მომზადება და “ციანიდის საქმე”

14 მარტი, 2017 • 5896
სტივენ სპილბერგი, დანაშაულის მომზადება და “ციანიდის საქმე”

რას ნიშნავს დანაშაულის მომზადება, რომელშიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ედება ბრალი (იარაღის უკანონოდ შენახვასთან ერთად), რა დისკუსია არსებობს თეორიულ დონეზე იურისტებს შორის და რა დროს უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ადამიანის პიროვნულ ავტონომიაში?

[red_box]სტივენ სპილბერგი და დისკუსია იურისტებს შორის[/red_box]

სტივენ სპილბერგის ცნობილ ჰოლივიდურ სამეცნიერო ფანტასტიკაში (Minority Report) ნაჩვენებია წარმოსახვითი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც დანაშაულს ჩადენამდე ავლენს და სჯის წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომლებიც წინასწარ ხედავენ მომავალში რომელი ადამიანი რას დააშავებს.

კადრი ფილმიდან Minority Report © Twentieth Century Fox Film Corporation

კადრი ფილმიდან Minority Report © Twentieth Century Fox Film Corporation

მართლსაჯულების თანამედროვე სისტემას წინასწარმეტყველები არ ჰყავს, თუმცა რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველოც დანაშაულს მის ჩადენამდე, საწყის, მომზადების ეტაპზევე ებრძვიან.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, “დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა”. სწორედ მკვლელობის მომზადება ედება ბრალად გახმაურებული ციანიდის საქმის მთავარ ფიგურანტს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

რა იგულისხმება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნაში? – კანონმდებლობაში ეს საკითხი უფრო მეტად განმარტებული არ არის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართალი ქმედებების სამართალია და არა აზრების, სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ჩამოყალიბებისათვის განზრახვასთან ერთად აუცილებელია გარკვეული  ქმედებების არსებობაც.

საქართველოს გარდა დაუმთავრებელი დანაშაული მომზადების ეტაპზევე სხვა ქვეყნებშიც ისჯება, მაგალითად ჩეხეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, თუმცა ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც მომზადებას პირდაპირ არ სჯიან. როგორც ქართულ ასევე უცხოურ სამეცნიერო წრეებში ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს თეორიული დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა განიმარტოს პირობების განზრახ შექმნა, არიან ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც მის საერთოდ გაუქმებას უჭერენ მხარს. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს: დანაშაულის მომზადების კრიმინალიზაციის მომხრეები აპელირებენ პრევენციაზე, ხოლო მოწინააღმდეგეები უფრო ლიბერალური ფლანგიდან – ადამიანის უფლებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ადამიანის პიროვნულ ავტონომიაში ადრეული ეტაპიდანვე იჭრება ისე, რომ არ აძლევს მას სამომავლო დანაშაულზე ნებაყოფლობით უარის თქმის საშუალებას.

ამ თემაზე დისკუსია საქართველოშიც გაიმართა 2013 წლის მარტში, როდესაც სისხლის სამართლის რეფორმის დაწყებამდე კაჭრეთში ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელისუფლების მონაწილეობით. ამ შეხვედრის ოქმიდან ირკვევა, რომ ქართველ და უცხოელ ექპსერტებს შორის ერთგვარ დებატებსაც ჰქონდა ადგილი.

მოწვეულმა ექსპერტებმა აგნიეშკა მილართმა და რიჩარდ ვოგლერმა (სასექსის უნივერსიტეტის პროფესორმა) გამოთქვეს მოსაზრება, რომ დაუმთავრებელი დანაშაულების (დანაშაულის მომზადების და მცდელობის) კრიმინალიზაცია, ერთგვარად დანაშაულებრივი განზრახვის (და არა ქმედების) კრიმინალიზაციაა და შეიძლება ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნეს, როგორც არაპრივილეგირებული ფენების ან ჯგუფების წარმომადგენლების დევნის საშუალება.

რიჩარდ ვოგლერმა მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ დაუმთავრებელი დანაშაულებისთვის (ინგლისში) პასუხისმგებლობა მე-19-20 საუკუნეებში ძირითადად ეკისრებოდათ ირლანდიელებს, ხოლო ამჟამად მუსლიმ იმიგრანტებს.

განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებები გამოითქვა მომზადების განმარტების მიმართ, რომელიც ექსპერტების აზრით, ნებისმიერი პირის კრიმინალიზების საშუალებას იძლევა.

საპასუხოდ ქართველმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მართალია საქართველოში კრიმინალიზებულია მომზადება, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც მომზადება არ არის კრიმინალიზებული, მცდელობა განიმარტება განვრცობითად და იგივე სიტუაციები, რაც აქ დაისჯებოდა როგორც მომზადება, კვალიფიცირდება და ისჯება, როგორც მცდელობა. შესაბამისად, მათი აზრით, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია მომზადების დეკრიმინალიზაცია.

პროფესორმა ვოგლერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მომზადებად შეიძლება დააკვალიფიცირო ნებისმიერი რამ და თანამედროვე სისხლის სამართლის კოდექსში მომზადების კრიმინალიზაცია არ არის სწორი. ექსპერტმა ქეთევან მჭედლიშვილმა ამავე საკითხზე განმარტა, რომ როდესაც კანონმდებლობა არეგულირებს მომზადებას, მაშინ მცდელობა განიმარტება ვიწროდ. რაც საქართველოს კანონმდებლობაში კვალიფიცირდება მომზადებად, ის გერმანიაში, მაგალითად, ითვლება მცდელობად. “მომზადება მხოლოდ მაშინ ისჯება, როდესაც ის ახლოა მცდელობასთან”.

[blue_box]დანაშაულის მომზადება ციანიდის საქმის კონტექსტში[/blue_box]

იურიდიული ლიტერატურისა და ქართველი მეცნიერების მოსაზრებების მიხედვით, მცდელობა ნიშნავს ისეთ გარემოებას, როდესაც დამნაშავე ყველაფერს აკეთებს დანაშაულის ჩასადენად, თუმცა შედეგი არ დგება მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. მაგალითად დამნაშავე მსხვერპლს აწვდის მოწამლულ ნამცხვარს, მსხვერპლი შეჭამს, მაგრამ ის გადარჩება.

პროკურატურის მიერ ამ დროისთვის გასაჯაროებული მასალების მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო და აუდიო მასალები, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებს, რომ დეკანოზი სწორედ თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა, თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება შესაძლოა სხვა მიმართულებებითაც განვითარდეს, მაგრამ დღეის მონაცემებით ფაქტია, რომ დეკანოზს მხოლოდ თეთრუაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ედავებიან. გამოძიება აცხადებს, რომ დეკანოზმა დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა მომწამვლელი ნივთიარება ციანიდი და ის მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც იმჟამად ილია მეორესა და სხვა მღვდელმთარვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა.

იურისტი თაკო გეგელია, რომელიც ამჟამად ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში დოქტურანტურაზე სწავლობს მუშაობს თეზისზე, რომელიც სწორედ დანაშაულის მომზადების მუხლის პრობლემებს ეხება, ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პროკურატურა ციანიდის შეძენის ფაქტს დაადასტურებს, პირის თბილისის აეროპორტში დაკავება მაშინ, როცა გერმანიაში დაგეგმილი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, ვერანაირად ვერ იქნება “ახლოს მცდელობასთან”.

იგი გვიხსნის, რომ დანაშაულის მომზადებად უნდა ჩაითვალოს არა ნებისმიერი ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც ობიექტურ, რეალურ საშიშროებას ქმნის დაცული სიკეთისთვის. ეს კი საბოლოო მოსამართლემ უნდა შეაფასოს.

“ამ პირობებში, როცა კილომეტრებია დაშორებული ქმედებასა და მოსალოდნელ შედეგს შორის, დროსა და სივრცეში ეს იმდენადაა შორსაა ერთმანეთისაგან, რომ  არ შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალიზებულ ქმედებად, რომელსაც ჩვენ დანაშაულის გენერალურ მომზადებას ვეძახით.

თუ მე მაგალითად ჩემი მეზობლის მოკვლა მსურს, რომელიც ორ ნაბიჯში ცხოვრობს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ამ იარაღით გზაზე დადგომა დანაშაულის მომზადებად ჩაითვლება, მაგრამ ციანიდის საქმე რომ ავიღოთ, ეს არ იქნება რელევანტური მაგალითი და რატომ: თბილისის აეროპორტიდან გერმანია დაშორებულია კილომეტრებით და ასევე ის საშუალება, რომელიც სავარაუდოდ ამ კონკრეტულ პირს ჰქონდა (ციანიდი) ვერ ქმნის საფრთხეს, რომელიც რელევანტურია და სისხლის სამართლისთვის საინტერესო”, – ამბობს თაკო გეგელია. მას ვკითხეთ, თვითმფრინავის ბილეთი, რომლითაც ის გამოძიების ვერსიის მიხედვით მსხვერპლს მიუახლოვდებოდა, ციანიდი, რომელიც მომწავლელი საშუალებაა და განზრახვა, თუ მას ამას ამ ყველაფერის პროკურატურა დაუმტკიცებს, არაა საკმარისი საფუძველი ქმედების დანაშაულის მომზადებად შეფასებისათვის:

“არ მგონია საკმარისი ის, რომ ციანიდი შეიძინა… თუნდაც საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყოს ის, რომ მაგალითად ნამდვილად შეიძინა ციანიდი, ეს ციანიდი იმ მიზნით იყო დეტერმინირებული, რომ ვიღაც მოეკლა, ბილეთი იყიდა, ვიზა მიიღო, პროცედურები გაიარა – მიუხედავად ამისა ეს ქმედება იმდენად დაშორებულია დანაშაულის შემადგენლობის დასრულებისგან, ვინმეს მოკვლისგან, იმდენად დიდი დაბრკოლებებია წინ გადასალახი, რომ ჩემი აზრით საკმარისი არ უნდა იყოს. კილომეტერებს რომ თავი დავანებოთ, ციანიდი ხომ ის საშუალება არაა, რომელიც შეგიძლია პირდაპირ გაისროლო და ადამიანი მოკლა. კომპიუტერული დანაშაული რომ ავიღოთ, საქართველოდან აშშ-ში შემიძლია ვიღაცის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იმიტომ, რომ ინტერნეტი ასეთი სივრცეა, მაგრამ მკვლელობა ხომ იგივე საქმე არ არის? საჭიროა ფიზიკური კონტაქტი. ასევე ცეცხლსასროლი იარაღისაგან განსხვავებით ციანიდი მომენტალურად არ იწვევს შედეგს, საჭიროა მისი გარევა საჭმელში ან სითხეში. მე მომზადებად შევაფასებდი შემთხვევას, როდესაც პირი აღმოჩნდებოდა [სავარაუდო მსხვერპლთან] ახლოს და დაიწყებდა საჭმლის მომზადებას ან სითხეში კონკრეტული ნივთიერების გარევას. იქამდე დანაშუალის მომზადებას საქმე არ აქვს”, – ამბობს თაკო გეგელია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს სისხლის სამართლის მეორე იურისტს ლევან ვეფხვაძეს, რომელიც თვლის, რომ გერმანიაში დაგეგმილი დანაშაულის მომზადება თბილისიდანაც შეიძლება. იგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქმის ინდივიდუალური მახასიათებლები და დროისა და სივრცითი კავშირის არგუმენტი ყოველთვის რელევანტური ვერ იქნება:

“სივრცითი და დროითი ფაქტორი ცხადია გავლენას ახდენს საქმის ინდივიდულაურ მახასიათებლებზე, მაგრამ მე შეიძლება საწამლავი ან იარაღი დღეს შევიძინო და ეჭვების გასაქარწყლებლად ერთი თვის მერე ჩავიდე სიტყვაზე გერმანიაში, რადგან ვიცი, რომ ის ადამიანი იქიდან არ ჩამოვა.

… უფრო გავართულებ სიტუაციას და გეტყვით, რომ ბერლინშია სამიზნე და მე მიუნხენში მივფრინავ, ესეც კი არ არის გადამწყვეტი, რადგან ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი ქმედება, რომ კვალი არიო. შეიძლება ბრალდებულმა თქვას, რომ იქ კი არა მიუნხენში მივდიოდიო, მაგრამ ბრალდებამ უნდა დაუმტკიცოს მიზანი და მოტივი, რა მიზნით მოქმედებდა”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მისი როგორც ერთი იურისტის აზრით, თუ უტყუარი მტკიცებულებებით დამტკიცდება, რომ პირს აქვს ადამიანის მოკვლის მიზანი, მოტივი, თუ ის ყიდულობს მკვლელობის განხორციელების საშუალებას და ცდილობს იქ გამგზავრებას, სადაც სავარაუდოდ მსხვერპლი იმყოფება, ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ დანაშაულის მომზადებაზე ვისაუბროთ.

თაკო გეგელია კი ფიქრობს, რომ ეს ნორმა ძალიან შეზღუდულად [მცდელობასთან ახლოს] უნდა განიმარტოს წინააღმდეგ შემთხვევაში არის საფრთხე, რომ სისხლის სამართალი აზრის პოლიციამდე მივიდეს.

გეგელია იხსენებს, რომ დანაშაულის მომზადების მუხლის კონსტიტუციურობა ორ ქვეყანაში ჩეხეთსა და იტალიაში (რომელიც დღეს გენერალურად აღარ სჯის მომზადებას) გასაჩივრდა. იურისტის თქმით, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა სწორედ ასე განმარტა:

“მასში ჩვენ უნდა დავინახოთ არა ნებისმიერი განზრახვა ქმედებაში გამოხატული, არამედ სოციალურად საშიში, რომელსაც აქვს რეალური პოტენციალი, რომ შედეგი გამოიწვიოს”.

გეგელიას თქმით, დროისა და სივრცის არგუმენტი სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს ქმედება რამდენადაა რეალური საფრთხის შემცველი.

“დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობა ობიექტურ კრიტერიუმებს ემაყარება. შენს მიერ განხორციელებული ქმედება რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს. ამ ობიექტური კრიტერიუმების გასაზომად იყენებენ დროისა და სივრცის საზომს. კილომეტრებსაც აქვს მნიშვნელობა. ყველაფერს ზომავენ, მაგალითად გერმანიაში მატარებლის რელსებზე დააბა ერთმა ადამიანმა მეორე და დაითვალეს რამდენ საათში უნდა გამოევლო მატარებელს… სივრცე არის ძალიან დიდი, იქამდე უნდა მიხვიდე, რომ შედეგი გამოიწვიო”.

მთავარი არგუმენტი, რომელიც დანაშაულის მომზადების კრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეებს ან მის შეზღუდულად განმარტების მომხრეებს აქვთ, დანაშაულზე ხელის ნებაყოფლობით აღების ლიბერალურ ინსტიტუტს უკავშირდება.

სსკ-ის 21-ე მუხლის მიხედვით, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. თუ სახელმწიფო ადამიანს საწყის ეტაპზევე დასჯის, მაშინ რა საჭიროა ნებაყოფლობით ხელის აღების ინსტიტუტი?

ლევან ვეფხვაძე ამ არგუმენტის მნიშვნელობას აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ თუ ადამიანი მაგალითად მკვლელობაზე ხელს აიღებს, პირობითად წყალში საწამლავს ჩაყრის, ჭიქას მსხვერპლს მიაწვდის, მაგრამ დალევამდე გამოართმევს და გადაღვრის, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუმცა თუ პროცესის განმავლობაში რაიმე სხვა დანაშაულს ჩაიდენს (მაგალითად მომზადებას) და სამართალდამცავი სისტემა მას სწორედ იმ ეტაპზე გამოავლენს, ის მაინც გასამართლდება შესაბამისი მუხლით. ვეფხვაძეს ვკითხეთ, გამოდის, რომ დანაშაულის მომზადებაზე ხელის აღება შეუძლებელია? მას ასეთი მაგალითი მოჰყავს:

“ხელის აღებაა თუ მაგალითად ყაჩაღობა მქონდა მომზადებული, უნდა დამეყაჩაღებინა რომელიღაც ოჯახი,  დავუკავშირდი მეგობარს და ვუთხარი იარაღი მიშოვე-მეთქი, ჩემმა მეგობარმა მომიტანა იარაღი და მე ვუთხარი აღარ მჭირდება გადავიფიქრე-მეთქი. ეს მომზადება არ არის”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

როგორც არ უნდა განმარტოს სასამართლომ მე-18 მუხლი ლევან ვეფხვაძის თქმით, იმისათვის, რომ პირი მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ჩაითვალოს, გამოძიება მას რამდენიმე გარემოება უნდა დაუმტკიცოს:

[checklist]

  • ჰქონდა თუ არა დეკანოზს ციანიდი და კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა?

[/checklist]

“თუ შენ იმას ვერ უმტკიცებ ვისი მოკვლა უნდოდა და ზოგადად ამბობ მკვლელობას აპირებდაო, ეს ცხადია მომზადებაში ვერ გავა. მაგ ლოგიკით იარსებებს ეჭვები რომ შეიძლება თვითმკვლელობას აპირებდა, მაგალითად ჩავდიოდი გერმანიაში და იქ ვაპირებდი თვითმკვლელობას, რათა სკანდალი ამეტეხა სახელმწიფოსთვის. კანონმდებლობით ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შენ თუ უტყუარად ვერ დაუმტკიცებ, რომ მისი ქმედება მიმართული იყო ვინმეს წინააღმდეგ… მარტო ის, რომ გერმანიაში მიდიოდა, ციანიდი შეიძინა და რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა თქმა უნდა, აბსურდია და შეგიძლია შხამის გადატანის წესის დარღვევაზე ედავო”, – ამბობს იურისტი და დასძენს, რომ პროკურატურამ ასევე უნდა დაამტკიცოს ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი, რასაც თვითონ ბრალდებული კატერგორიულად უარყოფს, ხოლო გამოძიება კი ამბობს, რომ მან ნივთიერება დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა, თან იმ პირობებში, როდესაც იმ დროს სამართალდამცველებს დეკანოზზე თვალთვალის უფლება ჰქონდათ სასამართლოსაგან მიღებული.

გამოძიებამ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილზე ამბობს, რომ მარილზე უნდა გაუშვან, ასევე სიტყვას: “დასაბრედია”. ვეფხვაძის ვკითხეთ, ეს არ არის განზრახვის დამადასტურებელი გარემოება? ვეფხვაძის თქმით, მისი როგორც ერთი იურისტის აზრით, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ უტყუარად დამტკიცდეს ჰქონდა თუ არა დეკანოზს თეთრუაშვილის მკვლელობა გადაწყვეტილი:

“მარტო ის სიტყვები, რომ დასაბრედია,  მარილზე უნდა გავიდეს. ეს არ არის საკმარისი მომზადებისთვის იმიტომ, რომ მაგ ლოგიკით ის ბევრ რამეს ამბობს და ჰიპოტეტურად შეიძლება… [ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ] პატრიარქზეც იყო ლაპარაკი დიაბეტი აქვსო და ა.შ. სისხლის სამართალს ჰიპოტეზები არ აინტერეებს, მას სჭირდება უტყუარი მტკიცებულებები, რომ მის მიმართ დაგეგმა და მის მიმართ უნდოდა განხორციელება. მე ჯერჯერობით ასეთი მტკიცებულება ვერ მოვისმინე, მეორე საკითხია საერთოდ ჰქონდა თუ არა…”, – ამბობს ვეფხვაძე.

გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეომსალით (რომლის აუთენტურობაც ჯერ დამტკიცებული არ არის) ასევე დასტურდება ის, რომ დეკანოზი ინტერესდება იმით შეიძლება თუ არა ექსპერტიზამ აღმოაჩინოს ჭიქაში დარჩენილი ციანიდი. ირაკლი მამალაძისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბრის ამ მონაკვეთზე ვეფხვაძეს ასეთი მოსაზრება აქვს:

“იქნებ მე მაინტერესებს ჩემთვის, მე მინდა დავლიო საწამლავი და არ მინდა დაადგინონ რითი ვარ გარდაცვლილი… როგორ მიმიტკიცებ რომ სხვა რამ მინდოდა? აზრებისთვის ვერ დამიჭერ. მე ახლა შეიძლება შენ გკითხო როდის ამთავრებ მუშაობას, მარტო გამოდიხარ რედაქციიდან თუ არა. შემდეგ  ჩემს მეგობარს დავურეკო და ვუთხრა, რომ იარაღი მჭირდება-მეთქი. მაშინ მეც უნდა დამაკავონ შენი მკვლელობის მომზადებისთვის იმისთვის, რომ სტატია არ გამოაქვეყნო? ალოგიკურია ეს. მოტივი მჭირდება. რა არის მიზანი, ანგარება? ვიღაცამ დაუკვეთა? ერთიანობაში უნდა მქონდეს მტკიცბეულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ჩემი ეს ქმედება განზრახული იყო ამისაკენ და  მისი მოშორებით მივიღებდი სარგებელს ან ამ ადამიანზე მინდოდა შურისძიება”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი