ახალი ამბები

9 მაისს ვაკეში “უკვდავი პოლკის” კონტრაქცია გაიმართება

7 მაისი, 2019 • 1787
9 მაისს ვაკეში “უკვდავი პოლკის” კონტრაქცია გაიმართება

9 მაისს ვაკეში “უკვდავი პოლკის” კონტრაქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი არის მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”.

მათი თქმით, კონტრაქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო აზრის მშვიდობიანად გახმიანება.

“2019 წლის 9 მაისს მსვლელობას გამართავს რუსეთში დაარსებული “უკვდავთა პოლკი”. რუსეთიდან მართული ძალა დემონსტრაციული მსვლელობისთვის გადაკეტავს კუს ტბის ასასვლელიდან-ვაკის პარკამდე ტერიტორიას. “უკვდავთა პოლკი” არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს დედაქალაქში აქციას მართავს ორგანიზაცია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული.

“უკვდავი პოლკი” პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის პროექტია და ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის ყველაზე საზიზღარ ფორმას წარმოადგენს. ის აძლიერებს კრემლის კოლაბორაციონისტულ ძალებს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ყველგან, სადაც ოფიციალურ მოსკოვს საკუთარი ინტერესები აქვს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე, ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელია. ის თავისი ანტიდასავლური რიტორიკითა არის ცნობილი. ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ამის საპირისპიროდ, ქვეყნის “ევრაზიულ კავშირში” ინტეგრაციას ემხრობა.

9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

“არა პუტინის მარშს!” აქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროევროპული და პროამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა!

9 მაისი, კუს ტბის ასახვევი, ვაკე-საბურთალოს რაიონი. 9:30 საათი”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში “უკვდავი პოლკის” სახელით ორი პარალელური ღონისძიება გაიმართება.

“უკვდავი პოლკის” მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივას დღევანდელი სახით საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს რუსეთში, პირველი მსვლელობა კი, ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით, 2012 წლის 9 მაისს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, “უკვდავი პოლკი” არაკომერციული და არაპოლიტიკური ინიციატივაა, თუმცა მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

“უკვდავი პოლკი”, რევაზ გოგიძის ორგანიზებით, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად, 9 მაისს, მათი შეკრების ადგილი ვაკის პარკია.

წელს, ასევე “უკვდავი პოლკის” სახელით, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია-მსვლელობა დააანონსა “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელსაც რევაზ გოგიძე თვითმარქვიას უწოდებს.

ამავე თემაზე

დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის “უკვდავი პოლკის” იდეის გამო თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი