ახალი ამბები

რუსეთში დაფუძნებული “უკვდავთა პოლკი” 9 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობას გეგმავს

4 მაისი, 2019 • 3812
რუსეთში დაფუძნებული “უკვდავთა პოლკი” 9 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობას გეგმავს

რუსეთში ინიცირებული  “უკვდავთა პოლკი”, რომელიც ყოველ წელს, “გამარჯვების დღეს” ეწყობა, 9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობის გამართვას გეგმავს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძეა – ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელი, რომელიც თავისი ანტიდასავლური რიტორიკითაა ცნობილი.

რუსული “სპუტნიკ საქართველოს” ცნობით, “უკვდავთა პოლკის” საორგანიზაციო შეკრება თბილისში, 2 მაისს შედგა. ორგანიზატორები აპირებენ, 9 მაისს, 10:00-ზე, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოს, კუს ტბაზე ასასვლელთან შეიკრიბონ.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გულბაათ რცხილაძე “ფეისბუქზე” წერს, რომ მსვლელობა საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა  და “საბჭოთა კავშირის ქართველი გმირების” პორტრეტებით გაიმართება. მისი თქმით, ღონისძიება ვაკის პარკში დასრულდება.

” “საქართველოს უკვდავი ჯარი” (რუსული ვერსია: “Бессмертный полк”) არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით”, – წერს ის.

“უკვდავი პოლკი” რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში “გამარჯვების დღეს” აღინიშნება. ამ დღეს მსვლელობის მონაწილეები კოლონად გადაადგილდებიან ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით.

“უკვდავი პოლკის” აქცია 2011 წელს იყო ინიცირებული რუსი ჟურნალისტების მიერ და ოფიციალური ინფორმაციით, არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

თბილისში  ე.წ. უკვდავთა პოლკის “ქართული დანაყოფი” 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა, თუმცა, მაშინაც და გასულ წელსაც ორგანიზაცია მხოლოდ ვაკის პარკში გამართული შეკრებით შემოიფარგლებოდა. წელს პირველად იგეგმება, მსვლელობა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ გამზირზე მოეწყოს.

ღონისძიების ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელია. ის ანტიდასავლური, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა, ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას  და ამის საპირისპიროდ, ქვეყნის  “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას ემხრობა.

დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის თანახმად, რცხილაძის დაფუძნებული „ევრაზიული ინსტიტუტის” ერთ-ერთი პარტნიორია რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრი“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი