EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას პასუხობს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, გაუგებარია, რატომ ელოდება პროკურატურა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ექსპერტიზის დასკვნას, რადგან მათთვის უკვე ცნობილია ექსპრტიზის დასკვნა, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის მიზეზი თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანებაა.

ამასთან, EMC პროკურატურას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა როგორც უშუალოდ იმ სპეცრაზმელის მიმართ, რომელმაც გაისროლა, ასევე, სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოითხოვს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ.

“პროკურატურის მიერ 2019 წლის 6 მაისს გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლის შედეგებიც ამ დროისთვის არ არის ცნობილი. თუმცა პროკურატურა უთითებს, რომ უახლოესი 2 თვის ვადაში საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის საპირისპიროდ, EMC განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის უკვე ჩატარებულია ყველა არსებითი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების პასუხები პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 21 დეკემბერისთვის გააჩნდა. EMC-ს შეფასებით, შეგროვებული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს უკვე ქმნის. მათ შორის, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 1. სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა; 2. მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულობას; 3. საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ფოტოსურათებზე დაფიქსირებული ყურსასმენები, მაღალი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა ვერც კი გაიგო მის ოთახში სპეცრაზმის შესვლის მომენტი; 4. აშკარად ჩანს გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესაძლო განადგურების/ფაბრიკაციის ნიშნები.

ამ პირობებში ჩვენთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ იღებს პროკურატურა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და რატომ არ ანიჭებს მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს. მეტიც, 2019 წლის განმავლობაში გამოძიების მიმდინარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ პროკურატურას არ გადაუდგამს საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები. უწყება უპასუხოდ ტოვებდა EMC-ს განცხადებებსაც.

ჩვენი შეფასებით, სრულიად არარელევანტურია ის, რომ პროკურატურა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ელოდება ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რამდენად ადეკვატური იყო თემირლანისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება, იმ ფონზე, როცა გამოძებისთვის უკვე 5 თვეა ცნობილია სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის მიზეზი სწორედ თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანებაა და არა შემდგომ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ EMC-იმ 2018 წლის დეკემბრის შემდგომ თბილისის პროკურატურას არაერთი განცხადებით მიმართა და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, თუმცა თბილისის პროკურატურამ არცერთ განცხადებაზე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ გაგვცა. EMC-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც არ დაკმაყოფილდა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროკურატურა არ იღებს დადგენილებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, ან ცნობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა და იგნორირება არღვევს დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის მნიშვნელოვან საპროცესო უფლებებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC პროკურატურას მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების, ასევე, გამოძიების პროცესში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადგენილების მიღება;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების დაშვება იმ საქმის მასალებზე, რომელზეც ჩვენ ამ დრომდე წვდომა დაუსაბუთებლად გვაქვს შეზღუდული,”-წერია EMC-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შემაჯამებელ გადაწყვეტილებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიიღებენ.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.