ახალი ამბები

ირაკლი ალასანიას მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

31 ოქტომბერი, 2014 • 1123
ირაკლი ალასანიას მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

კომპანია “სილქნეტი” ალექსანდრე ბატიაშვილის ამ საქმესთან კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ “სილქნეტი”  ტენდერში გამარჯვებულად 2013 წლის სექტემბერში გამოცხადდა, ბატიაშვილი კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მოგვიანებით, 2013 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა. კომპანიის კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძისა და ალექსანდრე ბატიაშვილის ნათესაურ კავშირზე მინიშნებას კი “სილქნეტი” უსაფუძვლო სპეკულაციას უწოდებს:

 

“ბატიაშვილისა და ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზე მინიშნება სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ მედიაგამოცემისთვის. სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ დეზინფორმაციის გავრცელების მოტივაციაც, მაშინ, როცა საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის სტადიაზეა და მას საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. ამ გრიფის მოხსნის შემთხვევაში, კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ სილქნეტის მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში,”– ნათქვამია “სილქნეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირმა უნდა გასცეს პახუსი პროკურატურის შეკითხვებს:

 

“მივესალმები იმას, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურებისგან. ამიტომ, ბუნებრივია, მინისტრის მოადგილე ყველა ხელმძღვანელი სტრუქტურის უნდა ემორჩილებოდეს კანონს და, შესაბამისად, სრული ინფორმაცია მიაწოდოს პროკურატურას,”–განაცხადა დავით საგანელიძემ “რუსთავი 2″–ის ეთერში

 

როგორც “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაკვითხვაზე 3 ნოემბერს, 14:00 საათზე არის დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი