ახალი ამბები

ანი მიროტაძე: პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, კანონპროექტის გადავადებას ვეტოს არ დავადებდი

31 ოქტომბერი, 2014 • • 977
ანი მიროტაძე: პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, კანონპროექტის გადავადებას ვეტოს არ დავადებდი

“დიდ პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილს, მესმის, რომ ალბათ ბევრი იფიქრა ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი არგუმენტებიც გავიგე, რაღაცაში ვეთანხმები, რაღაცაში არა. იქ დატოვა გარკვეული მუხლები, რითაც ხელი არ შეეშლება ოპერატიულ საქმიანობას, ამაში ვეთანხმები და კარგია, რომ ეს გაითვალისწინა. თუმცა, მე რომ ახლა ვყოფილიყავი საქართველოს პრეზიდენტი და დავადებდი თუ არა ამ მოცემულობაში ვეტოს, თან ხვალ პირველი ნოემბერია, იმის მიუხედავად, რომ არ ვეთანხმები ამ კანონპროექტის ასე გადავადებას, გეტყვით, რომ მე ვეტოს არ დავადებდი. მოცემულობა არის ასეთი, რომ ჩვენ ვერ ჩავეტიეთ დროში, პირველ ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას ხელი ეშლება, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩიხური მდგომარეობა რომ შეიქმნა, არის იმ ჯგუფის ბრალიც, ვინც მუშაობდა. დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებ შსს-ს, ვინაიდან დროის რესურსის სწორად გამოყენება არ მოხდა. ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია, ისევე როგორც მე, ალბათ ჩემზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები გაჯერებული უნდა იყოს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, თორემ შესაძლოა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მისი პოზიცია შეიძლება იყოს მართალი”,-ამბობს ის.

 

ანი მიროტაძემ გუშინ, 30 ოქტომბერს, როდესაც პარლამენტი კანონპროექტის გდავადებას უყრიდა კენჭს, გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უყრის კენჭს, ცალსახად არ პასუხობს:

 

“პირდაპირ ძალიან გამიჭირდება გითხრათ, ჩემს ფრაქციასთან ერთადაც უნდა გავიარო კონსულტაციები, გავაკეთო ანალიზი, თუმცა ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ საზოგადოებისთვის სასარგებლოდ.”

 

ანი მიროტაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების ვადის თებერვლის ბოლომდე გადავადებას ეწინააღმდეგება და მისი შეთავაზება საკომიტეტო განხილვებზე იანვრამდე გადავადებას გულისხმობდა, რაც კანონპროექტის ინიციატორმა შალვა შავგულიძემ არ გაიზიარა. მისივე თქმით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში აღმოჩნდეს.

 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე და რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, ვეტო დაედო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომა 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება.

 

2014 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს:

 

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

 

ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით,“ – ნათქვამია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში, რომელიც პრეზიდენტმა მოამზადა მას შემდეგ, რაც ვეტო დაადო პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონს, რომლითაც ეს ვადა შსს-ს 28 თებერვლამდე უხანგრძლივდებოდა.

 

ამას გარდა, პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი