დუშეთში 3 პირი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შსს–ს ცნობით, დუშეთის რაიონის სოფელ ხარხეთში მცხოვრებ ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ოქტომბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა დუშეთის რაიონის სოფელ ხარხეთში მცხოვრებ გვიანიშვილების ოჯახს. თავდამსხმელებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გვიანიშვილების ოჯახიდან 2 400 ლარი და 500 ამერიკული დოლარი წაიღეს. ოთხივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი , 42 წლის ანზორ შ, 23 წლის ლაშა ნ. და 27 წლის ლუკა ო.  დააკავეს. შსს–ს ცნობით, მეოთხე თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. 

 

ნივთმტკიცებად ამოღებულია „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ნიღაბი და 3 წყვილი ხელთათმანი. 

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

 

პოლიცია
პოლიცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი