Interviewsახალი ამბები

ზესტაფონის მერია უარყოფს, რომ ქვაფენილი უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა აყარეს

6 მაისი, 2019 • 2324
ზესტაფონის მერია უარყოფს, რომ ქვაფენილი უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა აყარეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ზესტაფონის ცენტრალური მოედნის ვიდეოს ავრცელებს. ენმ-ის წევრის თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან მუშები მათ მიერვე დაგებულ ქვაფენილს, რადგან ხელფასი არ გადაუხადეს.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. როგორც მერიაში ამბობენ, ვიდეოში ზესტაფონის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაა ასახული.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს შპს “ნიკარემსტროი” ახორციელდებდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ ფილები შესაბამისი სტანდარტების დაცვით არ დააგო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია, მიმდინარე წლის 25 აპრილს მას ხელშეკრულება შეუწყდა.

ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ სწორედ ამ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო ყრიდნენ მუშები ფილებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ანაზღაურებას, მერიაში აცხადებენ, რომ მუშებს ანაზღაურებას კომპანია უხდის. რაც შეეხება ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

“ნეტგაზეთმა” თავად კომპანიასთან დაკავშირება ვერ შეძლო, თუმცა ესაუბრა ზაზა ჩუბინიძეს, რომელიც “ნიკარემსტროიმ” სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის მიზნით დაიქირავა.  ჩუბინიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუშებისთვის ხელფასი არ გადაუხდიათ, სიმართლეს არ შეესაბამება:

“როგორც მე ვიცი, ასე არ ყოფილა, რომ თითქოს ხელფასი არ გადაუხადეს მუშებს და აყარეს ფილები. მე დამიქირავეს იმისთვის, რომ თვალყური მედევნებინა მშენებლობის პროცესზე. ყოველ შემთხვევაში, ხელფასების გადახდა და ხალხის მოყვანა კომპანიის პრეროგატივა იყო. მე როგორც ვიცი, მაგათ გარკვეული რაოდენობის ხელფასები გადახდილი აქვთ. შეიძლება, ბოლომდე დაფარული არ ჰქონდეთ”, – ამბობს ჩუბინიძე.

რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში” 2016 წელსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მალხაზ ლომსაძეა. როგორც “ლიბერალი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით 2017 წელს წერდა,  ლომსაძის გვარი და კომპანიის სახელი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა.

კერძოდ, 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და  თაღლითობის ფაქტზე თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები და  შპს-ს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს-ებმა, „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ და „რაზა“, სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების აქტებს, რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული და კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად ჩაურიცხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შპს-ს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.

2018 წელს კი, როგორც BM.ge-წერს, თბილისის მერიის სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის ტენდერს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი