„სულ აღარავინ შემოდის ბაზარში, ძალიან შემცირდა ვაჭრობაც და ხალხიც, ფუჭდება და ფუჭდება საქონელი, ზარალი ზარალზეა… იმედი გვაქვს, გვგონია, რომ ვიღაც მოვა, მაგრამ არაფერი…“, – მეუბნება ხილბოსტნეულის გამყიდველი ქალი ზესტაფონის ბაზრიდან.
ახლახან გახსნილი ავტობანის მონაკვეთის შემდეგ დასავლეთში მოსახვედრად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შესვლა საჭირო აღარაა. სასიკეთო ცვლილებამ შესამჩნევად შეამცირა დრო თბილისიდან დასავლეთის ცენტრალურ ქალაქებში მოსახვედრად, თუმცა ამ ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მცხოვრებელთათვის. ზესტაფონში საგრძნობლად იმატა უმუშევრობამ, მიგრაციამ და ზარალმა.
ცვლილება მკვეთრად აისახა ზესტაფონის ბაზარზეც, სადაც ავტობანის გახსნის შემდეგ მკვეთრად იკლო ხალხის რაოდენობამ:
„არავინ შემოდის, ვართ ასე, კვირის და პარასკევის ბაზარი რეალურად აღარ არსებობს.”
იმატა უმუშევრობამაც – „რა თქმა უნდა, უმუშევრობამაც იმატა, რას უნდა მოკიდონ ხელი, ერთი ვაჭრობაა და იქაც ყველა ზარალზეა წასული.
გირჩევნია ვალი გქონდეს, იმისთვის, რომ საჭმელი ჭამო, ასეთი მდგომარეობაა.
წელს, ავტობანის გახსნასთან ერთად, არც ამინდმა დაინდო ზესტაფონი და მისი შემოგარენი:
ვნახოთ, რა იქნება, ჯერ ისეთი სიცხეებია, მოსავალი საერთოდ არ მოდის, რისი იმედი უნდა გქონდეს, გადმოიარა ერთმა კოხმა და მთლად გააფუჭა ვენახი და ყველაფერი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, მეტის იმედი არა მაქვს. რამდენი მთავრობაც გამოვიცვალეთ, უარესი და უარესია, რა ვიცი, რისი იმედი უნდა მქონდეს…”

ზესტაფონის ბაზარში შესულს აუცილებლად მოგხვდება თვალში გასაყიდი საქონლის და ხალხის რაოდენობის შეუსაბამობა. ხილ-ბოსტნეულით, ყველით და ხორცით აჭრელებულ დახლებში არსად ჩანან მყიდველები. როგორც ბაზარში მომუშავე ადამიანები მიყვებიან, ავტობანის გახსნის შემდეგ ზესტაფონი იზოლირებულ ქალაქად იქცა, მათი აზრით კი, ეს ყველაფერი დროსთან ერთად მხოლოდ გაუარესდება:
„აქ ხალხი რომ შემოდიოდა, ცოტა ვაჭრობა იყო, ცოტა კი არა, კარგად იყო ვაჭრობა, ახლა გამვლელი ადამიანი არავინაა, ეს კი თანდათან უფრო მოკვდება. როგორც თერჯოლა დარჩა ცალკე რაიონად, ისე დარჩება ზესტაფონიც.“
მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები ავტობანის გახსნას ელოდნენ, არავინ ელოდა, რომ ეს ცვლილება ასე აისახებოდა მათზე:
„ავტობანი რომ კეთდებოდა, ვიცოდით, მაგრამ ასე თუ იმოქმედებდა, მაინც არ გვეგონა. განახევრებულია ხალხი. ხარაგაულს მივადარებ – როგორც ხარაგაულია, სპეციალურად თუ არ ჩახვედი რამის საყიდლად, ისეა ახლა ზესტაფონი.
არა მხოლოდ ბაზარზე, მთელ ქალაქზე საგრძნობლად იმოქმედა. სახაჭაპურეებს დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყველი და თავისთავად ყველის ფასიც მაღლა იწევდა. მოსახლეობაზე, გლეხებზე აისახა პირველ რიგში. ყველი რომ აღარ იყიდება – გაიაფდა, იმ იაფი ყველით კიდევ ამ გაძვირებულ პროდუქტს ვეღარ ყიდულობს ხალხი.
რა თქმა უნდა, უმუშევრობამაც იმატა, სახაჭაპურეები დაიკეტა, იქ კიდევ რამდენი თანამშრომელი იყო და რამდენი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე“, – მიყვება ყველის გამყიდველი.
ზესტაფონში პარასკევის და კვირის ბაზარზე სხვადასხვა სოფლებიდან იყრის ხალხი თავს. შემდეგ რესპონდენტთან ერთად სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე, მიყვება, რომ 30 წელია, რაც აქ მუშაობს და მეუბნება, რომ ვისაც ჯერ კიდევ ძალა და ღონე შერჩა ყველა ემიგრაციაში წავიდა:
ძალიან შემცირებულია ხალხი, მეტი რომ არ შეიძლება. ხალხში ფული არ არის, შვილო, არა. კიდე კაი ემიგრანტების ფული ტრიალებს, თორემ სულ არაფერი არ იქნებოდა.
მასობრივად, ვინც ფეხზე დადის, ძალა, ღონე და საშუალება, აქვს სადმე რომ წავიდეს, წასულია, შვილო. მე რომ შემეძლოს, არცერთ შემთხვევაში აქანა არ გავჩერდებოდი. რასაც ვჯავრობ ჩემს ცხოვრებაში, ისაა, რომ მოვისპე თავი, 30 წელია ბაზარში ვარ, შლაკზე ვზივარ, აღარ მივარგა სახსრები, წელი და გული.
წავსულიყავი, ქე მაინც, თუ ამ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, ჩემს შვილებს მაინც დავუტოვებდი რაღაცას ნორმალურად. ასეა ახლა, ვინც დაიარება და შეუძლია, წასულია, მოხუცები და დავარდნილები სახლში არიან“, – ყველაფრის მიუხედავად იმედი მაინც აქვს, აგრეთვე, აქვს ოქტომბერში ცვლილების იმედიც – „იმედი მაქვს, ღმერთმა ნუ ქნას, რა ვიცი, აბა, ასე მგონია, რომ რაცხა გამოსწორდება, კიდე ხომ აღარ გაუარესდება…”
ხალხის რაოდენობის მკვეთრი კლება ერთადერთი პრობლემა არაა, რომელსაც ზესტაფონის ბაზარში შეეჩეხები, ზაფხულის თაკარა მზეში ბაზრის ტერიტორიაზე შესულს პირველი, რაც გაწუხებს, უჰაერობაა, ამაზე მალევე მესაუბრებიან გამყიდველები:
„აქ ადამიანი შეიძლება გაჩერდეს, შვილო?! როგორ უნდა გახსნილიყო ეს დარბაზი…“
„რო შემოხვედი აქანა, რა იგრძენი?“ – სიცილით მეკითხება ერთ-ერთი –
„სიცხე და დახუთულობა, ეგაა ჩვენი პრობლემა. ქე გითხარი ყველაფერი – ვიხრჩობით, გვიშველეთ. სახლიდან მოვიტანეთ ვენტილატორები, ვლპებით ხალხი აქ, შენობაში ამხელა სიცხე უნდა იყოს? ლპება ყველაფერი დახლზე.”

„კატასტროფაა, საშინელებაა რასაც ჰქვია – ჯოჯოხეთი“, – ასეთია კიდევ ერთი პასუხი.
ვიდეოს გადაღებაზე ყველა უარს ამბობს, თუ გელაპარაკებიან, თავის გამჟღავნება არ სურთ. ყველა კეთილგანწყობილია, უნდათ დაგელაპარაკონ, მაგრამ უმეტესად მაინც თავს იკავებენ. ზოგი გეუბნება, ლაპარაკს შვილები მიშლიანო, ზოგი მორიდებით გიხდის ბოდიშს, როცა ეკითხები, ვინმე ხომ არ იციან, ვინც შეიძლება ინტერვიუ მოგცეს, უარის ნიშნად თავს აქნევენ, ბოლოს ერთ-ერთი გამყიდველი ასე მპასუხობს:
ყველა არიდებს, დეიდა, ლაპარაკს თავს, ხომ იცი, რა სიტუაციაცაა, ამ მთავრობის ხელში ყველაფერი გასათვალისწინებელია.
შიშის მიუხედავად, ჩემი ყველაზე გამბედავი რესპონდენტი არც მთავრობის და არც პირობების კრიტიკას არ ერიდება:
„ამ მთავრობის იმედი არა მაქვს, ეს მთავრობაა?! ხალხის სიყვარული რომ მთავრობა არ ეცოდინება, ის არაფერი არ არის, თუ სიყვარული არ იცის ქართველმა ადამიანმა და დაკარგა ყველა, ნულია მაშინ ჩვენი ცხოვრება. უნდა შეიცვალოს, აბა, რა უნდა ქნას.
როგორ უნდა გახსნილიყო ეს დარბაზი. აქ შეიძლება ადამიანი გაჩერდეს?! ვისიც არის ეს დარბაზი, ყველაფერი იყიდა ზესტაფონში იმ ორმა ადამიანმა, ჩამოიყვანეს უფროსობა, დამლაგებელიც კი თავისი ჩამოიყვანეს, ჩვენი არავინ არ არის ამაში გარეული. თუ სიმართლე უთხარი, გაჩუმდი, თორე გაგადებ გარეთო, ხოდა ვარ ასე შეშინებული, ქე რო უნდა გამაგდოს ვინმემ, ისე. რამდენ ხანს ვიქნები ასე გასუსული…”







