ნეტგაზეთი | თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ – Netgazeti
RU | GE  

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი განაცხადა, რომ იყო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მათ უშუალო დაქვემდებაში მყოფ მოწმეებზე გავლენის მოხდენის საფრთხე, ამიტომაც მათ  სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არიან თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები, მათ უშუალო დაქვემდებარებაში არიან დასაკითხი მოწმეები. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხე, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ მოწმეებზე,”– განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

ბრალდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ კი განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მათ თავიანთი პოზიციების დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ:

 

“სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის აბსურსული შუამდგომლობა და სასამართლო პროცესი იყო საერთოდ ყოველგვარი ნორმებიდან ამოსული, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება თავისი პოზიციის დაფიქსირების მოსამართლემ, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, აცილებების მიუხედავად. პროკურორებმა თავისი აბსურდული პოზიცია დააფიქსირეს 2 საათის განმავლობაში, ჩვენ კიდევ თითოეულ ადვოკატს 2–2 წუთი გამოგვიყო. მინდა ერთი რამ ვთქვა უბრალოდ და მივმართო შესაბამის ორგანოებს, ვისაც წვდომა აქვს ამ საქმეზე, უბრალოდ ჩახედონ ამ საქმეს, ეს არის სამარცხვინო, რაც ხდება,”– განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

პროკურორმა კი განაცხადა, რომ პროცესზე ადვოკატების უფლებები არ დარღვეულა:

 

“რაც შეეხება ადვოკატების მხრიდან საზოგადოების დეზინფორმირებას, რომ თითქოს ჩვენ შევზღუდეთ მათი უფლებები, ეს არის სრულიად ცრუ ინფორმაცია. გამოძიება გრძელდება, ხდება მოწმეთა დაკითხვები, დოკუმენტაციის შესწავლა და შემდგომ გამოძიება გვაჩვენებს, გამოიკვეთება თუ არა სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი,”– განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს.

 

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმე სასამართლოში საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილებოდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი