ახალი ამბები

რატომ ვერ სარგებლობს ყველა შშმ ბავშვი თბილისის მერიის საკურორტო ვაუჩერით

3 მაისი, 2019 • 2237
რატომ ვერ სარგებლობს ყველა შშმ ბავშვი თბილისის მერიის საკურორტო ვაუჩერით

თბილისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნაწილი პროგრამის მიღმა დარჩა, რომლითაც თბილისის მერიას მათთვის საკურორტო ვაუჩერები უნდა გადაეცა. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მარი კორკოტაძე ამბობს, საბუთების მიღება მერიას 15 აპრილამდე ჰქონდა გამოცხადებული და თავად უწყებას 23 მარტს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო დოკუმენტები განაცხადების მიღების დასრულებამდე მიიტანა, კორკოტაძის თქმით, მისმა შვილმა ვაუჩერი ვერ მიიღო.

როგორც მარი კორკოტაძე ამბობს, ამის მიზეზად მერიაში ის დაუსახელეს, რომ მისი შვილი პირველ 1000 ბავშვში ვერ მოხვდა:

“მიზეზი არის ის, რომ პირველ 1000 ბავშვში არ მოხვდა ჩემი შვილი. ანუ, რა გამოდის? მოსწრებაზეა? თუ მოსწრებაზეა, განცხადების შეტანის ბოლო ვადას რაღას გვიდგენთ? ეს არის ბავშვების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და მათ მიმართ დისკრიმინაცია.

ეს ვაუჩერები თავიდან იყო 400-ლარიანი, შარშან დიდი სიამაყით გვაცნობა მერიამ, რომ 400-დან 700 ლარამდე გაზარდეს თანხა. და წელს რა გამოდის? თანხა გაზარდეს და რაოდენობა შეამცირეს? გენაცვალეთ გაკეთებულ საქმეში! ეს არ არის პროგრამის გაუმჯობესება, ეს არის პროგრამის გაუარესება”, – წერს კორკოტაძე საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.

მისი თქმით, მშობლები არც გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართულნი და არც რიგითობის პრინციპის შესახებ იყვნენ ინფორმირებულნი:

“როდესაც ასეთი ცვლილებების განხორციელებას აპირებდით, რატომ არ ჩაგვრთეთ გადაწყეტილების მიღების პროცესში, ხომ იცით, რომ ჩვენი ჩართვის ვალდებულება გაქვთ? ჩემი შვილის ბედი ჩემს გარეშე რატომ გადაწყვიტეთ? ჩვენ არ ვართ ვირთხები, რომლებიც რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას…. და ვინც პირველი მიასწრებს, ის აიღებს ვაუჩერს” ,- მიმართავს კორკოტაძე დედაქალაქის მერიას.

მისი თქმით, სხვა მშობლებთან ერთად ამ საკითხზე აუცილებლად მიმართავს სახალხო დამცველსა და სასამართლოს.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” დედაქალაქის მერიასაც დაუკავშირდა. მერიაში ამბობენ, რომ  შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ კანონით და ვაუჩერის მსურველ პირთა დაკმაყოფილება ხდება თბილისის მერიაში შემოსული განცხადებების რიგითობის მიხედვით. თუ პირი აკმაყოფილებს ვაუჩერის გაცემის წესით დადგენილ კრიტერიუმებს, განხილვისას უპირატესობა ენიჭება ადრე შემოსულ განცხადებას.

მერიაში ამბობენ, რომ შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 826 000 ლარია, ერთი ვაუჩერის ღირებულება კი 700 ლარს შეადგენს.

მერიის განცხადებით, ვაუჩერის გაცემაზე თანხმობა ეთქვა ყველას, ვინც ლიმიტი შეავსო – 1180 ბავშვს, ხოლო გასაცემი ვაუჩერების რაოდენობის ამოწურვის შემდეგ, ყველა ის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, სარეზერვო სიაში გადადის.

მერიიაში აღნიშნავენ, რომ სარეზერვო სიაში მყოფი განცხადების მფლობელს იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებენ, თუ ძირითად სიაში მყოფი პირი უარს იტყვის ვაუჩერის გამოყენებაზე და სარეზერვო სიიდან განცხადება რიგითობის მიხედვით დაკმაყოფილდება.

უწყებაში ამბობენ, რომ  ასეთი წესით გაიცა ვაუჩერები 2018 და 2017 წლებშიც და აცხადებენ, რომ საკურორტო ვაუჩერი გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ ბავშვებზე, რომელთაც აქვთ შშმ პირის სტატუსი:

“ლიმიტი ივსება განცხადების შემოტანის თარიღის მიხედვით, ასე იყო 2018 და 2017 წლებშიც. მესამე წელია, რაც ამ წესით ხორციელდება აღნიშნული პროცესი და, შესაბამისად, ყველა მშობელი, პრაქტიკულად, ინფორმირებულია. გარდა ამისა, ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა შეხვედრაზე და სოციალური ქსელების საშუალებით” ,- უთხრეს “ნეტგაზეთს” მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი