ახალი ამბები

გომელაური პანკისზე: ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გაგვეთვალა, რა მოხდებოდა

3 მაისი, 2019 • 1097
გომელაური პანკისზე: ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გაგვეთვალა, რა მოხდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აცხადებს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია არ ყოფილა და რა მოხდებოდა, ამას ვერ გათვლიდნენ.

სუს-ის უფროსის თქმით, რომელიც დღეს პარლამენტში დახურულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, საუბრის დიდი ნაწილი სწორედ პანკისის ხეობას შეეხო:

“ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლლი ყოფილიყო, რა მოხდებოდა. თემა იყო, რომ სამშენებლო კომპანიას შეჰყვა 30-35 პოლიციელი და მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მოხდა შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. იქ შემდეგ როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს.  ან უფრო მეტი უნდა შეგვეყვანა განსაკთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, პირობითად, ეს სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა” ,- თქვა გომელაურმა პარლამენტში მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.


  • 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.
  • დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
  • ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი