ახალი ამბები

უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის

30 ოქტომბერი, 2014 • 1060
უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის

“ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის და თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ბრალდება საფუძვლიანი და მართებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს საქმე წამოიწყო,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობთ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული:

 

“საქმე ეხება თავდაცვის მიმართულებას – იმ მიმართულებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე სფეროა. 2008 წლის ომის დროს ეს ის მიმართულება იყო, რომელიც ჩავარდა, როცა შეიარაღებული ძალები მობილური ტელეფონების იმედზე იყო. ამიტომ საკითხში სიცხადის შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია.


დღევანდელი მდგომარეობით, ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული.”

 

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

 

29 ოქტომბერს მოდულის შენობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება-გაფლანგვის მუხლით წარუდგინეს. სასამართლო პროცესი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზეა დანიშნული

მასალების გადაბეჭდვის წესი