ახალი ამბები

პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს – ლევან ბოძაშვილი

1 მაისი, 2019 •
პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს – ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ბოძაშვილი წერს, რომ “ეს არ არის ის მომენტი, როდესაც საქმე ეხება “ვეტომდებლობას” და იმ მიზეზებისშესახებ საუბრობს, თუ რატომ არის ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება.

“კანონპროექტი მხოლოდ კოსმეტიკურად ითვალისწინებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების რეკომენდაციებს. კანონპროექტი არ ახდენს რეალურ სისტემურ ცვლილებას და არსებითად არ ცვლის იმ შედეგსა და მიზეზს, რის გამოც სასამართლოს მიმართ არის ლეგიტიმური უნდობლობა.  მოტივირებული შენიშვნების შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს შანსი, მოახდინოს პარტიული კუთვნილებიდან დისტანცირება და ნეიტრალურ არბიტრად წარმოჩენა. ვეტოს შემთხვევაში შესაძლებელია კანონპროექტის გაუმჯობესება. პრეზიდენტი ვალდებულია იზრუნოს ინსტიტუტების განვითარებაზე და მომდევნო 6 წლის განმავლობაში, სულ რომ არცერთ პროექტს არ დაადოს ვეტო, ეს ვეტო არის გადამწყვეტი თავისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით”, – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი აზრი მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 33-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საფუძველი გახდა. განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც, როს უილსონმაც.

“ბოლო ცვლილებებით, რაც მიღებული იქნა ამასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ – ადეკვატურად და სრულად არ გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ვენეციის კომისიამ, ასევე ეუთო-მ გასცა”, – განაცხადა როს უილსონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი