ახალი ამბები

“ეტყობა, პუტინმა სთხოვა ან მოსთხოვა” – ქორეპისკოპოსი იაკობი გახარიას ახალ თანამდებობაზე

1 მაისი, 2019 • 1944
“ეტყობა, პუტინმა სთხოვა ან მოსთხოვა” – ქორეპისკოპოსი იაკობი გახარიას ახალ თანამდებობაზე

ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი “შესაძლოა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით გახდა”. ტვ პირველთან საუბრისას მეუფე იაკობმა ასევე თქვა, რომ შს მინისტრი ამ თანამდებობაზე დიდხანს ვერ იქნება.

“რატომ დანიშნეს და, ეტყობა, პუტინმა სთხოვა ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის, არ გიკვირს?! ცოტა ხანს, რამდენიმე დღე შემორჩება [ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში], მერე ვნახოთ,”-ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი.

ტვ პირველის ინფორმაციით, მღვდელმთავარმა ამ განცხადების გასაკეთებლად ტელეკომპანიას თავად მიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

2018 წლის დეკემბერში  ქორეპისკოპოსმა იაკობმა გიორგი გახარიას “მოსკოვის კაცი” უწოდა და თქვა, რომ მასთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს. “გახარია ჩემთვის არ არის ისა… ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ იმიდან…”

რამდენიმე თვის შემდეგ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ შს მინისტრთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, თუმცა არ სურს საუბარი, რატომ დაუპირსიპირდა მას რამდენიმე თვის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი