ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა, ჩინჩალაძე/მურუსიძის გადადგომა და სხვა მოთხოვნები – პეტიცია

21 იანვარი, 2019 • 2405
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა, ჩინჩალაძე/მურუსიძის გადადგომა და სხვა მოთხოვნები – პეტიცია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ონლაინ პეტიცია შექმნეს, სახელწოდებით: მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი – მართლმსაჯულების გადასარჩენად.

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმთავრესი მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანგარიშვალდებული და სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე. ამ სისტემის მთავარი საყრდენი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. ქართული საზოგადოება ამ რეალობას და მისი მოგვარების აუცილებლობას კარგად იაზრებს, რისი უდავო დასტურია ის ფაქტი, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ საკითხს ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნა წარმოადგენს.

2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.

2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პორობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.

სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა – „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს.  2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს  3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც  არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას.

ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს.  შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში, თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით, შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება.

2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე – სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.

ამ ჯგუფმა თავისი ზრახვებისა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა საზოგადოებისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებებით, მათ შორის უსამართლო და მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს –  ლევან მურუსიძის საჩქარო უვადო განწესებით და პარლამენტის წინაშე  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენით, რომელიც შეიქმნა ფარულად, სათანადო კრიტერიუმების გარეშე და სამართლიანი პროცედურების დაუცველად.

შესაბამისად, შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა  მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

1. დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც  2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;

2.  დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო – ლევან მურუსიძე.

3. საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო  ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი