ახალი ამბები

“შვიდკაცა”, ნატო მეტონიძე და აჩიკო ნიჟარაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებენ-GPB

1 მაისი, 2019 • 5247
“შვიდკაცა”, ნატო მეტონიძე და აჩიკო ნიჟარაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებენ-GPB

ცნობილი ხდება, რომ ნინო ქათამაძის გარდა, 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ ანსამბლი “შვიდკაცა”, ასევე, მომღერლები- ნატო მეტონიძე და აჩიკო ნიჟარაძე.

ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

როგორც ანსამბლ  “შვიდკაცას” წევრებმა განუცხადეს პირველ არხს, 17 მაისს ქუთაისში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.

საპატრიარქოს ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს ნატო მეტონიძეც, რომელიც ამბობს, რომ კონცერტის დღეს სხვა გეგმები აქვს და ეს მისი არჩევანია.

“მომღერალი ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს. მისი თქმით, როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა” ,- იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ამავე არხს მომღერალმა  აჩიკო ნიჟარაძემ განუცხადა, რომ  17 მაისს გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი.

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, რომელიც საპატრიარქომ “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოაცხადა,  სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანი”.

ორგანიზატორების აფიშის მიხედვით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

ნინო ქათამაძემ 30 აპრილს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქართველოში  არ იქნება და სამების ეზოში კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს, ამასთან, აღნიშნა, რომ “არ შეიძლება ადამიანის ჩაგვრა”.

კონცერტში მონაწილეობა ნეტგაზეთს სუხიშვილებმა დაუდასტურეს.

სამების ტერიტორიაზე 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის გამო ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ლგბტ აქტივისტები აკრიტიკებენ, მათ შორის, გიორგი თაბაგარი.

თაბაგარის განცხადებით, უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

“არ შეიძლება ჩაგვრა” – ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი