ახალი ამბებისამართალი

მახარაძის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

27 ოქტომბერი, 2014 • 1082
მახარაძის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვლადიმერ ბერძენიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დროებით გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

ვლადიმერ ბერძენიშვილმა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და არც მიმალვას არ აპირებს.

დაცვის მხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაკითხვის შედეგად გამოძიებას არაერთი ინფორმაცია მიწოდა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე (პროკურატურა).

ვლადიმერ ბერძენიშვილს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, გიორგი ოქროპირიძე მკვლელობის ადგილას სწორედ ვლადიმერ ბერძენიშვილმა მიიყვანა.

გამოძიების განცხადებით, 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი