საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის ტვიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისეთ თემებს აქცევენ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდნენ ხოლმე:
“ეს ტექნიკური შეცდომა ვიღაცამ დაუშვა თუ არ დაუშვა, ესეც, მე არ ვარ ადრესატი, მათ უნდა ჰკითხოთ. ან რატომ დაუშვეს და ჩვენ აქედან აუცილებლად შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ერთი ამბავი, რატომ მოხდა ეს. მე არ მგონია, რომ ასეთ თემასთან დაკავშირებით, თუნდაც მექანიკურ შეცდომასთან დაკავშირებით, უნდა მოვაბათ… ამ ბოლო დროს თქვენ ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, როგორ თემებსაც ადრე უშვებდით ხოლმე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში. ახლა მაინცდამაინც აჟიტირება ხდება. როგორც ჩანს, ძალიან გჭირდებათ ეს,“ – ამბობს მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურმა ანგარიშმა ტვიტერზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც იგი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს- რომელიც ახლახან ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში — „მძინარას“ უწოდებს.
ტრამპი წერდა: „მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. აშკარად არ იცის, რომ წელს პენსილვანიას ისტორიის განმავლობაში საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), და დიდი მომავალი აქვს“.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, პოსტი შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის სოციალური მედიის მენეჯერმა.
გაზიარებული პოსტი უკვე წაშლილია.